ბათუმში ისტორიული პროექტის განხორციელება იწყება,რომლის ბიუჯეტიც 60 მილიონი ევროა

ქალაქ ბათუმის მერია და აჭარის ა.რ. მთავრობა, KfW-ს დაფინანსებითა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მხარდაჭერით, იწყებს პროექტის განხორციელებას ,,ბათუმის ახალი სიცოცხლე”. ინფორმაციას ამის შესახებ გამწვანების სამსახური ავრცელებს.

“მინდა მივულოცო ჩემს ქალაქს, განსაკუთრებით კი, ადლიის, აეროპორტის, კახაბრის, მეჯინისწყლის, დაბა ხელვაჩაურის, მახინჯაურისა და მწვანე კონცხის ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებს.

ხელი მოეწერა ისტორიულ პროექტს, რომლის ღირებულება 200 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში შემოერთებულ ტერიტორიებზე სრულად მოეწყობა წყლისა და წყალარინების სისტემები და შესაბამისი ინფრასტრუქტურა. ეს იყო ჩემი ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დანაპირები – შემოერთებული ტერიტორიების სწრაფი ურბანიზაცია, რომელსაც დღეს ხორცი შეესხა. მინდა მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადო საქართველოსა და აჭარის მთავრობას, აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარეს თორნიკე რიჟვაძესა და KfW ბანკს”- განაცხადა ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ.

პროექტის ფარგლებში განხორციელდება: ადლიის წყალარინების გამწმენდი ნაგებობის გაფართოება და განვითარება. ჩაქვის წყალმომარაგების ახალი გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა. მეჯინისწყლის წყალმომარაგების სათავე ნაგებობის გაფართოება. წყალმომარაგების 5 000 კუბ.მ. რეზერვუარის მშენებლობა ინჯალოსთან არსებული რეზერვუარების მიმდებარედ. წყალარინების ქსელის მოწყობა ადლიის, აეროპორტის, კახაბრის, მეჯინისწყლის, დაბა ხელვაჩაურის, მახინჯაურისა და მწვანე კონცხის დასახლებებში. სამუშაოების ბიუჯეტი 60 მილიონ ევროს შეადგენს. პროექტი განხორციელდება 2020-2025 წწ პერიოდში.

Comments

comments