ფოთში ახალი საპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა იწყება

ფოთში დღეს ახალი საპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა იწყება. ფოთში, „პეის ტერმინალსის“ ტერიტორიაზე სიმბოლური კაფსულის ჩადების ოფიციალური ცერემონია გაიმართება, რომელიც აშშ-ის კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაციის (OPIC) მიერ 50 მლნ დოლარით დაფინანსდა.

„პეის ტერმინალსის“ პროექტის დაფინანსებაზე ხელშეკრულებას ხელი 2019 წლის მაისში მოეწერა.

წინასწარი ინფორმაციით, მშენებლობის ადგილას ფოთში, სიმბოლურ კაფსულას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, „ოპიკის“ მმართველი დირექტორი კენეტ ენჯელი, „პეის ტერმინალსის“ დირექტორი დავით ნადირაშვილი და PRIME CONCRETE-ის დამფუძნებელი ალექსანდრე სოკოლოვსკი ჩადებენ. ხელშეკრულების თანახმად, ამ ტერიტორიაზე „პეის ტერმინალსი“ განთავსებულია 25 ჰა მიწის ფართობზე, მშენებლობის ფარგლებში აკვატორია გაღრმავდება 13 მეტრამდე და შედეგად, ნავსადგური 60 ათას ტონამდე წყალწყვის გემების მიღებას შეძლებს. ტვირთბრუნვა გაიზრდება ხუთ მილიონ ტონამდე. შეიქმნება მძლავრი საპორტო ინფრასტრუქტურა. დამატებით შეიქმნება 500-მდე სამუშაო ადგილი.

Comments

comments