NDI: გამოკითხულთა 60% მთავრობის საქმიანობას „ცუდად“ აფასებს

აშშ-ის „ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტისა“ (NDI) და „CRRC-საქართველოს“ მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის შედეგების თანახმად, საქართველოში გამოკითხული მოსახლეობის 60% მთავრობის საქმიანობას “ცუდად” აფასებს.

ამავე კვლევის თანახმად, პრემიერმინისტრის, პრეზიდენტის, სასამართლოებისა და პარლამენტის უარყოფითი შეფასება იზრდება. საჯარო ინსტიტუტებს შორის ყველაზე კარგად საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიისა (64 პროცენტი) და იუსტიციის სახლების (57 პროცენტი) საქმიანობა შეფასდა.

NDI-ის კვლევის თანახმად, თბილისის მერის კახა კალაძის საქმიანობას კვლავაც უმეტესად დადებითად აფასებენ.

“გასული წლის განმავლობაში მთავრობის საქმიანობის შეფასება გაუარესდა, რაც სავარაუდოდ, მოსახლეობის მიერ ქვეყნის მიმართულებისა და ეკონომიკის ცუდ შეფასებასთან არის დაკავშირებული”, – განაცხადა ლორა თორნტონმა, NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორმა.

კვლევა 2019 წლის 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2131 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის 1,7%. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.

Comments

comments