საქართველო აშშ-სთან პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებაზე მოლაპარაკებებს იწყებს

საქართველო აშშ-სთან პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებაზე მოლაპარაკებებს იწყებს. ეკონომიკის მინისტრი ამ მიზნით აშშ-ში გაემგზავრა და მოლაპარაკებებს ორ წამყვან ამერიკულ ავიაკომპანიასთან გამართავს.

ნათია თურნავა მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების – Delta Air Lines-ის და United airlines-ის წარმომადგენლებს შეხვდება და მათ საქართველოს გააცნობს.

აშშ-სთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე მოლაპარაკების დასაწყებად დაგეგმილი ვიზიტი ნათია თურნავამ ჯერ კიდევ მიმდინარე წლის აგვისტოში დაანონსა. როგორც მაშინ მინისტრმა განაცხადა, ეკონომიკის სამინისტროს მიერ ჩატარებულმა დეტალურმა კვლევამ დაადასტურა, რომ პირდაპირი ფრენები საქართველოდან ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმზიდველია.

ნათია თურნავას შეფასებით, პირდაპირი ფრენების დაწყება, ერთი მხრივ,  იქნება ძალიან ნათელი, ცალსახა პოზიტიური პოლიტიკური ნაბიჯი აშშ-სთან  სტრატეგიული პარტნიორობიდან გამომდინარე, ხოლო მეორე მხრივ, ეს იქნება კომერციულად მიმზიდველი კომპანიებისთვის.

ვიზიტის ორგანიზებაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად მონაწილეობა მიიღო აშშ – ში საქართველოს საელჩომ.

Comments

comments