მამუკა ბახტაძე გადადგა

ჩემთვის იყო დიდი პატივი და, ამავდროულად, დიდი პასუხისმგებლობა, მემსახურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად” – მამუკა ბახტაძე სოციალურ ქსელში, თანამდებობის დატოვებაზე წერს და შესაბამისად  15:00 სთ მედიას უკვე  ჩინოვნიკის რანგში აღარ შეხვდება. 15:00 საათზე ამ და სხვა საკითხებზე მექნება შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან, სადაც ყველა შეკითხვას ვუპასუხებ.

მადლობა ჩემს თითოეულ თანამშრომელსა და თანამებრძოლს, ვისთან ერთადაც ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობდი.

მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენ − ქართულ საზოგადოებას, თქვენი მხარდაჭერა, რჩევები, კრიტიკა ჩემთვის იყო და არის მთავარი მამოძრავებელი იმპულსი ქვეყნის მშენებლობის საქმეში.

მეგობრებო, ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები იმდენად მძიმეა, რომ ჩვენ არ გვაქვს უფლება, ქვეყანაში გვქონდეს ნეგატიური დღის წესრიგი და პოლიტიკურად ასეთი პოლარიზებული გარემო. იცით, რომ თანამედროვე მსოფლიოსა და დასავლეთის ქვეყნებშიც სულ უფრო იზრდება პოლიტიკური პოლარიზაცია, თუმცა, ეს სახელმწიფოები სისტემურად იმდენად მდგრადია, რომ ასეთ რყევებს უძლებენ − ჩვენ ამის ფუფუნება არ გვაქვს და ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ერთადერთი, ვინც ქართული საზოგადოების პოლარიზაციით მოიგებს, იქნება ოკუპანტი ქვეყანა.

მიუღებელი და დაუშვებელია ნებისმიერი პოლიტიკური მოთამაშის მხრიდან, საკუთარი მოკლევადიანი ამოცანის გადასაწყვეტად, განგვისაზღვროს დღის წესრიგი, რომელიც პოლიტიკურ რყევებზე გადის.

ამიტომ, პრინციპულად მნიშვნელოვანია, პარტიის თავმჯდომარის − ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა პროპორციული არჩევნების ჩატარების შესახებ, ნულოვანი ბარიერის პირობებში, რათა მოქალაქეთა მცირე ჯგუფის ხმაც ისმოდეს პარლამენტში. ამავე დროს, ეს იქნება შესაძლებლობა, რომ ახალ სახეებსაც გაეხსნათ გზა ქართულ პოლიტიკაში, რაც, ჩემი აზრით, მოსახლეობის დიდი ნაწილის დაკვეთაა.

2020 წლის არჩევნები უნდა იყოს პროგრამებისა და იდეების შეჯიბრი და არა შეჯიბრი ლანძღვასა და სიძულვილის ენაში. ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც ხელს უწყობს პოლარიზაციას ქვეყანაში და ამკვიდრებს ნეგატიურ დღის წესრიგს, ძირს უთხრის ქართულ სახელმწიფოებრიობას, აფერხებს მის განვითარებას და მხოლოდ საქართველოს მტრების ინტერესებში შედის.

დღეს, როგორც არასდროს, საქართველოს სჭირდება სრული კონსოლიდაცია და დარწმუნებული ვარ, მხოლოდ ეს არის წარმატების ერთადერთი ფორმულა. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ქართულ საზოგადოებას! მჯერა, ერთად ყველაფერს შევძლებთ!“, – წერს ბახტაძე.

Comments

comments