კასპში გერმანული ინვესტიციით ქარის სადგურის მშენებლობა იგეგმება

გერმანელი ინვესტორების მიერ შექმნილი კომპანია “ამპერაქს ენერჯი ჯორჯია” კასპში 11 მგვტ დადგმული სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურის მშენებლობას გეგმავს. ამის შესახებ მენეჯერმა ლუკა ლებანიძემ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, პროექტის საინვესტიციო ღირებულემა 15 მლნ აშშ დოლარია.

“ამ ეტაპზე დასრულებული გვაქვს ყველანაირი ტექნიკური კვლევები და მიმდინარეობს ეკონომიკის სამინისტროსთან ტარიფის შეთანხმება, ასევე კერძო და საჯარო პარტნიორობის სააგენტოსთან პროცედურებს გავდივართ, რისი დასრულების შემდეგაც გადავალთ მშენებლობის ეტაპზე.

ინვესტორების დაინტერესება უფრო იმან გამოიწვია, რომ საქართველოში ჯერჯერობით აუთვისებელია ქარის პოტენცილი და გადაწყვიტეს, რომ ამ პატარა პროექტით დაიწყონ, მოსინჯონ ქართული ბაზარი და შემდეგ უფრო დიდი პროექტები განავითარონ საქართველოში”, – აღნიშნა ლუკა ლებანიძემ.

ჯერჯერობით უცნობია, რა დრო დასჭირდება ქარის სადგურისთვის სამშენებლო ნებართვის მოპოვებას. პროექტის განხორციელების შემთხვევაში, ობიექტი წლიურად დაახლოებით 40 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს.

Comments

comments