Euronews: „საქართველო მწვანეზე დადის-ქუთაისში ელექტრომობილების ქარხანა იხსნება“[ვიდეო]

„გადაცემა Fokus ქუთაისს ეწვია, ქალაქს, სადაც ინდუსტრიული, კულტურული და საგანმანათლებლო ცენტრები ვითარდება. ქვეყნის ისტორიაში პირველად, აქ ელექტრომობილების ქარხანა [ეს იქნება ელექტრომობილების პირველი ფაბრიკა სამხრეთ კავკასიაში] გაიხსნება. საწარმო ქალაქის განაპირას შენდება, სადაც ქართული კერძო კომპანია და მსოფლიოში ელექტრომობილების უმსხვილესი მწარმოებელი ჩინური ჯგუფი ერთობლივ პროდუქციას აწარმოებენ“, – ამბობს Euronews-ის ჟურნალისტი, გადაცემა Fokus-ისთვის მომზადებულ სიუჟეტში.

Euronews-ის ჟურნალისტის თქმით, პროექტი, რომელსაც მხარს საქართველოს მთავრობა უჭერს, სამრეწველო საწარმოო ქარხანას გულისხმობს.

„აქ იქნება როგორც წარმოების და შედუღების ობიექტები, ისე მზის პანელების საწარმო. პირველი ქართული წარმოების ელექტრომობილი 2020 წელს გამოვა“.

Euronews კომპანია  Aigroup-ის ბორდის წევრს, კახა გულედანსაც ესაუბრა:

„ჩვენ ისეთ პროექტში ვდებთ ინვესტიციას, რომელიც ზრუნავს ბუნებაზე და მნიშვნელოვანია გარემოს დაცვისთვის. ბიზნესის სპეციფიკიდან გამომდინარე, ეს ინვესტიცია ძალიან მოცულობითია. საჭიროასპეციალური ინფრასტრუქტურა, რომელიც გულისხმობს, ელექტრომობილების დამტენებისა და მზის ენერგიის მიმღებების დამონტაჟებას, მთელი ქვეყნის მასშტაბით. საწყის ეტაპზე, გვეყოლება 300 თანამშრომელი, თუმცა, ექსპლუატაციის ფაზაზე, კიდევ უფრო მეტი ადამიანი შემოუერთდება ჩვენს გუნდს. ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ქუთაისის, ისე მთელი რეგიონისთვის“.

სიუჟეტში ნათქვამია, რომ ქარხანა 4 სხვადასხვა მოდელის ელექტრომობილს გამოუშვებს, წელიწადში 40 000 მანქანას აწარმოებს და აქედან ნახევარი ადგილობრივ ბაზარზე გაიყიდება.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ ქუთაისი, მსოფლიოს იმ ქალაქების რიცხვს შეემატება, სადაც ელექტრომობილების „ქარშეარინგის“ მომსახურებით სარგებლობაა შესაძლებელი.  მთავრობისთვის ეს პროექტი იმ ფართომასშტაბიანი გეგმის ნაწილია, რომლითაც სურს, ქვეყნის ეკონომიკა „მწვანე ეკონომიკად“ გარდაქმნას. ახალი საწარმო, ასევე, ხელს შეუწყობს, საქართველოში ავტოინდუსტრიის განვითარებას“, – ამბობს Euronews-ის ჟურნალისტი.

Comments

comments