რუსეთის დუმაში საქართველოში ფულადი გზავნილების აკრძალვაზე იმსჯელებენ

რუსეთის დუმაში საქართველოდან მინერალური წყლებისა და ღვინის ექსპორტის აკრძალვაზე იმსჯელებენ. ამის შესახებ რუსულ მედიას დუმაში მმართველი პარტიის „ედინაია რასიას“ ფრაქციის თავმჯდომარემ სერგეი ნევეროვმა განუცხადა.

„საქართველოში რუსოფობიის ნიშნებია, რაც საფრთხეს უქმნის რუსეთის მოქალაქეებს. დღეს დუმის საბჭოს სხდომაზე საქართველოდან მინერალური წყლებისა და ღვინის ექსპორტის და საქართველოში ფულადი გზავნილების აკრძალვის საკითხს დავსვამთ“, – თქვა ნევეროვმა.

რუსი დეპუტატების ეს ინიციატივა სავარაუდოდ, „რუსთავი 2“-თან  დაკავშირებულ მოვლენებს მოჰყვა, რასაც რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი და საგარეო უწყება გამოეხმაურნენ.

ამ მოვლენებს წინ უძღოდა 20 ივნისის ინციდენტი, როდესაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა. ამ ფაქტს საპროტესტო აქციების ტალღა და პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადადგომა მოჰყვა.

20 ივნისს საღამოს პარლამენტთან მშვიდობიანი აქციის შემდეგ, მომიტინგეების ნაწილმა შენობაში შეჭრა შტურმით სცადა. სპეცრაზმმა აქციის დაშლა დაიწყო და რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები. შედეგად საავადმყოფოში გადაიყვანეს 240 ადამიანი, მათგან 80 სამართალდამცველი, 4 ადამიანს თვალი დაუზიანდა, ერთმა მოქალაქემ და ერთმა სამართალდამცველმა კი დაკარგა.

8 ივლისიდან რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ბრძანებით, რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები შეწყდა.

რუსი ტურისტები. როგორ აისახება პუტინის ბრძანება ქართულ ეკონომიკაზე? – ვრცლად წაიკითხეთ ამ ბმულზე.

Comments

comments