დღეიდან რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები შეწყდა

8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში მოქალაქეების გადაყვანა ეკრძალება. შესაბამისად, ამოქმედდება რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ბრძანება.

რუსული ავიაკომპანიები საქართველოს მიმართულებით ფრენების აკრძალვის გამო 3 მილიარდი რუბლის (47 266 00 დოლარი) ზარალს ელოდებიან. ამის შესახებ რუსეთის ტრანსპორტის მინისტრმა ევგენი დიტრიხმა განაცხადა.

როგორც დიტრიხმა განაცხადა, ამ თანხაში შედის როგორც პირდაპირი ზარალი, ასევე დაკარგული მოგების მაჩვენებელიც. აქვე დიტრიხი დასძენს, რომ ეს ზარალის წინასწარი შეფასებაა.

გარდა ამისა, პუტინმა რუსეთის ხელისუფლებას საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების უზრუნველყოფა დაავალა. ამის მიზეზი კი თბილისში რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის ხმაურიანი ვიზიტი გახდა.

პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა. ამ ფაქტს საპროტესტო აქციების ტალღა და პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადადგომა მოჰყვა.

20 ივნისს საღამოს პარლამენტთან მშვიდობიანი აქციის შემდეგ, მომიტინგეების ნაწილმა შენობაში შეჭრა შტურმით სცადა. სპეცრაზმმა აქციის დაშლა დაიწყო და რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები. შედეგად საავადმყოფოში გადაიყვანეს 240 ადამიანი, მათგან 80 სამართალდამცველი, 4 ადამიანს თვალი დაუზიანდა, ერთმა მოქალაქემ და ერთმა სამართალდამცველმა კი დაკარგა.

Comments

comments