მთავრობა 135 ახალ ჯიპს ყიდულობს

საქართველოს მთავრობა 135 მაღალი გამავლობის ავტომობილს – ჯიპს ყიდულობს. სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, მანქანა შეიძლება იყოს ნებისმიერი ფერის, გარდა შავისა. ამასთან სატრანსპორტო საშუალება უნდა იყოს მარცხენასაჭიანი.

 

მთავრობას 2019 წელს გამოშვებული მანქანების შეძენა სურს და შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 9 045 000 ლარია.

“შემოთავაზებული ავტომობილები უნდა იყოს ახალი, არაუადრეს 2019 წლის გამოშვების, ექსპლუატაციაში არმყოფი (გარბენი არაუმეტეს 200კმ), ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო და განბაჟებული. ამასთან, მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს ავტომანქანების შემსყიდველზე გადაფორმება”, – წერია სატენდერო დოკუმენტაციაში.

ტენდერში მონაწილეობის მსურველების წინადადების მიღება 8 ივლისს იწყება და 9 ივლისს, 15:00 საათზე სრულდება. ამასთან, მთავრობის მოთხოვნაა, რომ პრეტენდენტი იყოს შემოთავაზებული სატრანსპორტო საშუალების ოფიციალური დილერი (იმპორტიორი) საქართველოს ტერიტორიაზე.

კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებულად ჩაითვლება ის პრეტენდენტი, რომელიც ვაჭრობის შედეგად დააფიქსირებს ყველაზე დაბალ ჯამურ ღირებულებას და ამასთან, დააკმაყოფილებს სატენდერო დოკუმენტაციითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით დადგენილ მოთხოვნებს. 

ტენდერში გამარჯვებულმა მთავრობას ტრანსპორტი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ეტაპობრივად, 4 თვის (120 დღის) განმავლობაში უნდა მიაწოდოს. 

ამასთან, მიწოდება უნდა მოხდეს ტენდერში გამარჯვებულის ხარჯებით, რომელიც მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა სახის გადასახადის, მოსაკრებლის ჩათვლით, მათ შორის განბაჟებისა და სახელმწიფო რეგისტრაციის, გადაფორმებისა და სტანდარტული ფასის სახელმწიფო სანომრე ხარჯებსაც.

რაც შეეხება გარანტიას, მთავრობა ითხოვს 5-წლიან გარანტიას ძირითად ნაწილებზე – ძრავი, ხიდი, გადაცემათა კოლოფი. ხოლო 3-წლიან გარანტიას 150 000 კილომეტრს სრულ მანქანაზე, გარდა სწრაფად ცვეთადი ნაწილებისა და მასალებისა – ანტიფრიზი, ფრეონი, საბურავები, ელექტრონათურები, ელექტრომცველები, შუშის საწმენდი ჯაგრისები, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის ქურო, გადაცემათა კოლოფის მომჭიმი საკისარი, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის დისკი და საყრდენი დისკი.

საგარანტიო პერიოდის განმავლობაში მიმწოდებელი ვალდებულია, ავტომობილზე გამოვლენილი ნებისმიერი საწარმოო დეფექტი აღმოფხვრას, შეაკეთოს ან ახლით შეცვალოს საკუთარი სახსრებით, შემსყიდველის მიერ წერილობითი მოთხოვნიდან არაუმეტეს 5 სამუშაო დღის ვადაში. 

აღსანიშნავია, რომ მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის დადგენილებით, რომელსაც ეყრდნობა უწყება ტენდერის გამოცხადებისას, მაღალი გამავლობის მანქანები (III კლასის) განპიროვნებულია:

რეგიონალური და/ან რაიონული სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებისთვის, რომელთა საშტატო რიცხოვნობა ნაკლებია 300 საშტატო ერთეულზე;

სსიპ-ის, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ის, 50%-ზე მეტი სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს ხელმძღვანელი და ხელმძღვანელის მოადგილე ან მასთან გათანაბრებული თანამდებობის პირი, თუ მათი საშტატო რიცხოვნობა ნაკლებია 300 საშტატო ერთეულზე;

სსიპ-ის, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ის, 50%-ზე მეტი სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს ხელმძღვანელის მოადგილე ან მასთან გათანაბრებული თანამდებობის პირი, თუ მათი საშტატო რიცხოვნობა ტოლია ან აღემატება 300 საშტატო ერთეულს;

სსიპ-ის, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ის, 50%-ზე მეტი სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს დეპარტამენტის უფროსი ან მასთან გათანაბრებული თანამდებობის პირი, თუ მათი საშტატო რიცხოვნობა ტოლია ან აღემატება 500 საშტატო ერთეულს

 

Comments

comments