საქართველოსა და უკრაინის დელეგაციებმა პროტესტის ნიშნად ევროსაბჭოს დარბაზი დატოვეს

მკვლელებო- ამ შეძახილებით უკრაინელმა დეპუტატებმა პროსტესტის ნიშნად ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დარბაზი დატოვეს, სადაც რუსეთის დელეგაცია იმყოფებოდა.

დარბაზი დატოვეს აგრეთვე ქართული დელეგაციის წევრებმაც. უკრაინის დელეგაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სხდომას დაესწრებიან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის წინააღმდეგ რეზოლუციაზე კენჭისყრა შედგება.

საპარლამენტო ასამბლეის მთავარ დარბაზში სხდომაზე დასასწრებად რუსი დეპუტატები დილას გამოცხადნენ და სპეციალური საშვები აიღეს. დელეგაციაში 30 დეპუტატია.

უკრაინელმა კანონმდებლებმა სესიაზე წარადგინეს რეზოლუციის პროექტი, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ხელახლა დაკისრებას ითვალისწინებს. პროცედურების თანახმად, კომიტეტს 24 საათი აქვს პროექტის განსახილველად.

დღევანდელი სესია უფლებამოსილების აღიარების შეწინააღმდეგებით დაიწყო. უკრაინელმა და ქართველმა დეპუტატებმა ამ პროცედურით გააპროტესტეს რუსეთისთვის ხმის უფლების აღდგენა. წესებისა და პროცედურების კომიტეტს 24 საათი აქვს საკითხის განსახილველად.

უკრაინელი დეპუტატები ამბობენ, გუშინდელი კენჭისყრის შედეგებიდან გამომდინარე ცვლილებებს არ ელოდებიან და პროცედურულ ომზე საუბრობენ. დღეიდან რუსეთის დელეგაცია საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობს.

Comments

comments