1-ელი ივლისიდან, შესაძლოა მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა ქუჩებში ჩატარდეს

“საგზაო მოძრაობის შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებების პროექტის მიხედვით, პირებს, რომლებიც მართვის მოწმობის თეორიულ გამოცდას 1-ელი ივლისიდან ჩააბარებენ, შესაძლოა პრაქტიკული გამოცდის ქუჩაში ჩაბარებაც მოუწიოთ.

პროექტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი ხდება. კერძოდ, პირველი ეტაპი (სპეციალური მანევრები) დახურულ საგამოცდო მოედანზე (როგორც ეს ამჟამადაც ხორციელდება) ჩატარდება, ხოლო მისი წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, მეორე ეტაპი რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში, წინასწარ შერჩეულ და შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დამტკიცებულ მარშრუტებზე ჩატარდება.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, ცვლილება ითვალისწინებს დათქმას, რომ პირის მიმართ, რომელიც სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის მისაღებ თეორიულ გამოცდას 2019 წლის 1 ივლისამდე ჩააბარებს (მიიღებს დადებით შეფასებას), გავრცელდება ამ კანონის 2019 წლის 1 ივლისამდე არსებული რეგულაციები, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს პირები პრაქტიკულ გამოცდასაც ზემოთაღნიშნული ცვლილებების ამოქმედებამდე არსებული წესით ჩააბარებენ.

კანონპროექტის ავტორი შინაგან საქმეთა სამინისტროა

Comments

comments