კინომწარმოებლები საქართველოში 36,5 მლნ ლარზე მეტს დახარჯავენ

საქართველო, როგორც კინოგადაღების მოედანი ყოველდღიურად უფრო აქტუალური და დატვირთული ხდება.

სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ინფორმაციით, კინოინდუსტრიის წახალისების კომპონენტის – „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში უკვე 18 უცხოური პროექტი განხორციელდა.

პროგრამა კინოწარმოებით დაინტერესებულ ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროდიუსერებს შესაძლებლობას აძლევს საქართველოში გადაიღონ ფილმი თუ სხვა სახის აუდიო თუ ვიზუალური პროდუქცია და კვალიფიციური ხარჯების 20%-25%-მდე უკან დაიბრუნონ.

2018 წლის დეკემბრის თვის მონაცემებით, პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში, შემოსულია 18 განაცხადი, საიდანაც გადაღებები უკვე დასრულდა 9 ფილმზე, დამატებით 9 ფილმზე კი, გადაღებები ამჟამად მიმდინარეობს.

„აღნიშნული პროექტების განხორციელების შედეგად საქართველოში ჯამურად 36.5 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება, გადაღებებისას კი დასაქმებულთა რაოდენობა 4 000-მდე ადამიანს შეადგენს”, – აცხადებენ სააგენტოში.

მათი თქმით, ამჟამად სხვადასხვა საერთაშორისო პროდიუსერთან მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები დამატებით რამდენიმე ფილმის გადაღებებზე. 6 პროექტს, რომლებიც პროგრამის ფარგლებში ე.წ cash rebate მექანიზმით სარგებლობდნენ, საქართველოში დახარჯული ბიუჯეტის კვალიფიციური ხარჯების 20% უკვე აუნაზღაურდა.

Comments

comments