მანქანებს,რომლებსაც ტექინსპექტირება არ გაუვლიათ,დღეიდან ჭკვიანი კამერები დააჯარიმებენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ე.წ. „ჭკვიანი“ კამერების მეშვეობით, 14 იანვრიდან ავტომატურ რეჟიმში მოხდება იმ ავტომობილების დაჯარიმება, რომლებსაც კანონის შესაბამისად პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება არ გაუვლიათ.

საქართველოს მასშტაბით უკვე დაამონტაჟა და ეფექტიანად მოქმედებს 1 441 ვიდეოკამერა, რომლებიც სამინისტროს ერთიან ქსელშია ჩართული. მათ შორის 795 ზოგადი ხედვის, 646 კი – ე.წ. ჭკვიანი ვიდეოკამერაა.

„ჭკვიანი კამერების“ მიერ ვიდეოჯარიმის გამოწერის შესახებ შეტყობინებას ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელები ტელეფონის ნომერზე მიიღებენ. შეტყობინების მიღებიდან 10 დღის განმავლობაში ჯარიმის გადახდის შემთხვევაში, მოქალაქე სარგებლობს 20% -იანი შეღავათით. იმ შემთხვევაში, თუ პირი ვიდეოჯარიმას მოკლე ტექსტური შეტყობინების მიღებიდან 10 დღის ვადაში არ გადაიხდის, საჯარიმო ქვითარი, რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, მას ფოსტის მეშვეობით ეგზავნება, ხოლო ვიდეოჯარიმის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ჩაუბარებლობის შემთხვევაში, 30-დან 60 დღის ვადაში, პირს ვიდეოჯარიმა განმეორებით ეგზავნება.

საჯარიმო ქვითრის ფოსტის მეშვეობით ორჯერ ჩაუბარებლობის შემთხვევაში, შსს უზრუნველყოფს საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნებას ვებგვერდზე: www.police.ge.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ სიჩქარის მზომი სექციური რადარების და ე.წ. ჭკვიანი ვიდეოკამერების განთავსება გაგრძელდება.

Comments

comments