საქართველოს მოქალაქეებს საფრანგეთში ლეგალურად დასაქმების საშუალება ექნებათ

საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის თქმით, საქართველოს მოქალაქეებს საფრანგეთში ლეგალურად დასაქმების საშუალება ექნებათ. მანვე აღნიშნა, რომ ამ კუთხით, საგარეო უწყება პოლონეთთან და ისრაელთანაც მუშაობს.

“გუშინ საფრანგეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ამ შეთანხმებას, რომელიც უკვე კანონის სახით იქნება წარმოდგენილი, რაც საშუალებას მისცემს საქართველოს მოქალაქეებს საფრანგეთში ლეგალურად დასაქმდნენ. ეს არის ძალიან მნიშვბნელოვანი მიღწევა და ამ შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ, საქართველოს სპეციალისტებს, ახალგაზრდა სპეციალისტებს, მათ შორის, მათ, ვისაც განათლება მიღებული აქვთ საფრანგეთში, ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ დროებითი ბინადრობის უფლება საფრანგეთში ლეგალური დასაქმების მიმართულებით” – თქვა ზალკალიანმა.

მიგრანტების ლეგალურად დასაქმების საკითხზე გერმანიაც მუშაობს. კანცლერმა ანგელა მერკელმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დასმულ კითხვაზე პასუხისას თქვა, რომ შეიქმნება სამუშაო კვოტები საქართველოსა და ბალკანეთის ქვეყნების მოქალაქეთათვის, რათა მათ კონკრეტულ დეფიციტურ პროფესიებზე შეძლონ დასაქმება.

აღსანიშნავია, რომ ემიგრანტების ლეგალური დასაქმების საკითხი საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ ევროსაბჭოში დააყენა.

Comments

comments