ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა $3 მილიარდს გადააჭარბა

2018 წლის 11 თვეში საქართველომ ტურიზმიდან $3 მილიარდზე მეტი შემოსავალი მიიღო, რაც გასული წლის 12 თვის მონაცემებს აღემატება და რეკორდული მაჩვენებელია.

კერძოდ, გასულ წელს ქვეყანამ ტურიზმიდან შემოსავლის სახით $2.7 მილიარდი მიიღო. ამ მაჩვენებელს კი წელს შემოსავლებმა წლის 10 თვეში გადააჭარბა.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, წლის განმავლობაში ყველაზე მეტი შემოსავალი აგვისტოში დაფიქსირდა – 442.9 მილიონი დოლარი.

გასულ წელთან შედარებით, შემოსავლები წლიურად ყველაზე მეტად აპრილში გაიზარდა, როდესაც ზრდამ 33.4% შეადგინა.

ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი წლებია, უცხოელი ვიზიტორების მატებასთან ერთად, იზრდება და თუკი გასულ წელს შემოსავალი $2.7 მილიარდს შეადგენდა, 2016-ში ეს მაჩვენებელი 2.1 მილიარდი დოლარი, ხოლო 2015-ში კი 1.93 მილიარდი დოლარი იყო.

Comments

comments