პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად ლაშა ჟვანია, დიმიტრი გაბუნია საპარლამენტო მდივნად დაინიშნა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ათონელის საპრეზიდენტო სასახლეში მედიის თანდასწრებით მივიდა. პრეზიდენტმა მედიისთვის განცხადება რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.

“მივესალმები საზოგადოებას, რომელიც პირველ დღეს მიყურებს ათონელის სასახლეში. მე ვარ ბედნიერი, რომ აქ ვარ. ვიცი, რომ ჯერ არ არის ყველაფერი იმ ფორმატში და დასრულებული, როგორც იქნება რამდენიმე კვირაში თუ თვეში, თუმცა გვაქვს საშუალება, რომ ამ ფლიგელში დავიწყოთ მუშაობა და იმდენი გვაქვს გასაკეთებელი, რომ ნაკლებ ყურადღებას მივაქცევთ გარემოს ამ პირველ ეტაპზე, თუმცა მერე როცა სტუმრები გვეწვევიან საჭიროა, რომ ყველაფერი იყოს ისე, როგორც საჭიროა.

გუშინ დავნიშნე ლაშა ჟვანია ადმინისტრაციის უფროსად, დიმა გაბუნია დაინიშნა, როგორც ჩემი საპარლამენტო მდივანი, ნათია პავლიაშვილი აგრძელებს პრესასთან ურთიერთობას, თუმცა, პიარის ჯგუფი გაძლიერდება. კვირის ბოლოს გაგაცნობთ ადმინისტრაციის შემადგენლობას.

მედიას მივმართავ, აქ იქნება თქვენი სახლი. ვეცდები შემოგთავაზოთ ფორმატი, როდესაც ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია გექნებათ დროულად მოწოდებული.

იმედია გვექნება ძალიან ნორმალური ურთიერთობა. ეს არის ჩემი სურვილი.

დანარჩენ ყველა დეტალზე კვირის ბოლოს გვექნება ვრცელი საუბარი”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვიმა.

ადგილზე იმყოფება პრეზიდენტის ადმინისტრაციის მომავალი ხელმძღვანელი, ლაშა ჟვანია და დიმიტრი გაბუნია.

არსებული ინფორმაციით, სასახლის საპრეზიდენტო ფლიგელში რემონტის გამო, რამდენიმე თვის განმავლობაში ზურაბიშვილი შენობის ადმინისტრაციულ ფლიგელში განთავსდება.

Comments

comments