„რუსთავი 2“-ის სიცრუეებს ვეღარ ავუდივართ-ინფორმაცია,თითქოს საბავშვო ბაღების კვების ტენდერი არ შედგა,სიცრუეა!

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ინფორმაცია, თითქოს, საბავშვო ბაგა-ბაღების საკვები პროდუქტების მომარაგებაზე გამოცხადებული ტენდერი არ შედგა, აბსოლუტური ტყუილია და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

კახა კალაძე დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის სიუჟეტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ტენდერი 4 დეკემბერს გამოცხადდა და ჯერ კიდევ დახურულია. შესაბამისად, შეუძლებელია რომელიმე მონაწილე კომპანიის ნახვა იმ ეტაპამდე, ვიდრე ყველა კომპანიის წინადადების მიღება არ დასრულდება.

„მინდა, შევეხო ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის სიცრუეებს, რომელსაც ვეღარ ავუდივართ. მთავრობის სხდომას ვერ ვატარებთ ისე, რომ მათ ტყუილებზე პასუხის გაცემა არ მოგვიწიოს. რადგან მე პასუხისმგებელი ვარ მერიაზე და მუნიციპალიტეტში მიმდინარე მოვლენებზე, ვალდებული ვარ, საზოგადოებას სწორი ინფორმაცია მივაწოდო. ასევე, მინდა, მოვუწოდო ყველა სახელმწიფო უწყებას, ამ ტელეკომპანიას არცერთი ტყუილი და სიცრუე არ გაუტარონ, რადგან ამას საზოგადოება ისმენს და სიმართლე ჰგონია. ყველა ტყუილზე უნდა მოხდეს რეაგირება. სხვათა შორის, კვლევის თანახმად, „რუსთავი 2“-დან მოწოდებული ინფორმაციის 79% სიცრუეა. სიუჟეტში საუბარი იყო, თითქოს, საბავშვო ბაღების 61 ათასი აღსაზრდელი საკვების გარეშე დარჩა. სრულიად გაუგებარია, საიდან მოაქვთ ეს ინფორმაცია. მინდა, მოსახლეობას ვუთხრა, რომ ეს ძალიან დიდი ტყუილია“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, სიუჟეტი ეთერში 6 დეკემბერს გავიდა, კვების ტენდერი კი 4 დეკემბერს იყო გამოცხადებული.

„ტენდერი დღეს მთავრდება და გამარჯვებული კომპანია სწორედ დღეს გახდება ცნობილი. ახლაც კი შეუძლებელია, მასში მონაწილეების ვინაობა ვნახოთ, რადგან ტენდერი დახურულია. გამარჯვებული კომპანია პროცედურების დასრულების შემდეგ გვეცოდინება. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს, თავი დაანებონ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობას. ჩვენ ამის შესაძლებლობას არ მივცემთ. მე, პირადად, ვალდებული ვარ ჩვენი მოსახლეობის, ამომრჩევლის წინაშე, ყოველთვის სწორი ინფორმაცია მივაწოდო მათ და წვდომა ჰქონდეთ იმ საკითხებზე, რომელსაც დედაქალაქის მერია ახორციელებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერი საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებულ გუშინდელ სიუჟეტსაც გამოეხმაურა, სადაც, მისი თქმით, საუბარი იყო, თითქოს, მერია საახალწლო სცენის მოწყობაში 2 მლნ ლარს ხარჯავს.

„დღეს მე წამოვიღე ამ ტელევიზიით გამოდმოცემული მასალის „სქრინები“. ეს იმ ტენდერების „სქრინებია“, რომლებზეც გუშინ გვიმტკიცებდნენ, რომ სცენის მოწყობაზე, გადახურვაზე და ა.შ. 2 მლნ იხარჯება. მოცემული ციფრები რომ დავაჯამოთ, დაახლოებით, 1 მლნ 61 ათასი ლარი გამოდის. საიდან მოიტანეს 2 მლნ ლარი, გაუგებარია. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ სატენდერო დოკუმენტაციაში პირდაპირ არის მითითებული, რომ ეს არის ტენდერი სცენაზე, მოწყობილობებზე, რომელიც 2018-2019 წლებში ჩასატარებელი ღონისძიებებისთვისაა საჭირო. ჩვენ ძალიან ბევრ ღონისძიებას ვატარებთ, რომელთა შორისაა, „თბილისობა“, 26 მაისის დღესასწაული, პროექტი „თბილისის ცის ქვეშ“, პროექტი „თბილისი“, ეს მოწყობილობები კი, ყველა ამ ღონისძიებას მთელი წლის განმავლობაში უნდა მოემსახუროს. „რუსთავი 2“-ს მოსახლეობა შეცდომაში შეყავს, თითქოს 2 მლნ იხარჯება იმისთვის, რომ საახალწლოდ სცენა მოვაწყოთ და გადავხუროთ. შეიძლება, კახა კალაძე ან „ქართული ოცნება“ არ მოგწონდეს, მაგრამ ეს დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

Comments

comments