ანაკლიის პორტში თანამედროვე გიგანტური ამწეები დამონტაჟდება

ანაკლიის პორტში უახლესი ტექნოლოგიის გიგანტური ამწეები უნდა დამონტაჟდეს და მასშტაბურ სამუშაოებზე 2000 – ზე მეტი ადამიანი დასაქმდეს. ამ სამუშაოების განსახორციელებლად „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ ახალი სამშენებლო კომპანიების შესარჩევი ტენდერი გამოაცხადა და ამერიკელ პარტნიორებთან, „SSA Marine” – სა და „Berger Abam“- თან ერთად ტენდერის პირველ ეტაპზე გასული კომპანიების შერჩევა და მათთან გასაუბრებები დაიწყო.

ამ ეტაპზე ტენდერში მოწვეულია საპორტო ამწე დანადგარების წარმოების ლიდერი 6 საერთაშორისო კომპანია, რომელთა შორის გამარჯვებულმაც პორტის ტერიტორიაზე 16 ერთეული საპორტო ამწე უნდა დააკომპლექტოს და დაამონტაჟოს. ამწეების დამონტაჟება უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით მოხდება.

ეს არის ეგრეთ წოდებული STS da eRTG ტიპის ამწეები. STS (ერთეული) ამწეს წონა 1500 ტონას, eRTG -ის კი 200 ტონას აღწევს. მაგალითისთვის, ბოინგ 737 იწონის 41 ტონას. აქედან გამომდინარე, ანაკლიის პორტში დასამონტაჟებელი STS ამწე ბოინგზე 37 ჯერ მძიმეა. ამწეს სიმაღლე 125 მეტრს შეადგენს, ტვირთამწეობა კი 65 ტონას აღწევს.

„ამჟამად ახალი კონტრაქტორების მოძიებას ვაგრძელებთ. პოტენციური კონტრაქტორების ჩამონათვალი უკვე გვაქვს და გაზაფხულზე პორტის მშენებლობა ახალ, კიდევ უფრო მასშტაბურ ეტაპზე გადავა,“- განაცხადა „Berger Abam“ – ის ვიცე პრეზიდენტმა კრის კორნელმა.

„თუ ანაკლიის პორტს რეგიონალურ ჭრილში შევხედავთ, მივხვდებით თუ რა მასშტაბისა და მნიშვნელობის პროექტზეა საუბარი. ჩვენი კომპანია ფართოდაა წარმოდგენილი ამერიკაში, მათ შორის კოლუმბიაში, მექსიკაში, ჩილესა თუ პანამაში. მაგრამ ამ რეგიონში ჩვენ არ გვაქვს მუშაობის გამოცდილება და ანაკლიის პორტი ჩვენთვის განსაკუთრებით ღირებული და საინტერესო პროექტია“, – მიიჩნევს „SSA Marine“ -ს საინჟინრო მიმართულების ხელმძღვანელი რიკარდო ჩენგი.

მშენებლობის პროცესში მაქსიმალურად დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა.

“საერთაშორისო კომპანიებთან კონტრაქტში ჩადებულია პუნქტი, რომელიც მათ ავალდებულებთ სამუშაოებზე ადგილობრივი მოსახლეობა დაასაქმონ. ეს ხელშეკრულება ითვალისწინებს როგორც ადგილობრივი სუბკონტრაქტორების, ასევე მუშახელის აყვანას. ჯამურად რომ დავთვალოთ, მშენებლობის პროცესში 2000 ადამიანზე მეტ ადამიანს დავასაქმებთ, – განაცხადა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მასშტაბური საზღვაო სამუშაოები 2018 წლის 16 სექტემბერს დაიწყო. სამუშაოების პირველ ეტაპზე უდიდესმა დამაღრმავებელმა გემმა „ათენამ“ ზღვის ფსკერიდან ნაპირზე 5 მლნ კუბური მეტრი ქვიშა ამოიტანა.

მთლიანობაში, პირველი ფაზის მშენებლობის პროცესში, რომლის საინვესტიციო ღირებულება 600 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, უცხოელ სპეციალისტებთან ერთად ადგილობრივი მოსახლეობა, თუ სამშენებლო და საინჟინრო კომპანიაბია ჩართული. პორტის პირველი ფაზის გახსნა და გემების მიღება 2020 წლის ბოლოდან იგეგმება.

Comments

comments