იანვარ-ოქტომბერში ქართული ღვინის ექსპორტი 12%-ით გაიზარდა

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2018 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში ექსპორტირებულია 68.3 მილიონ ბოთლამდე ღვინო (0,75 ლ), რაც 12%-ით აღემატება 2017 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს.

ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 162 მილიონი აშშ დოლარია.ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20% შეადგინა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ექსპორტი გაზრდილია ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: იაპონიაში – 50% (199 997 ბოთლი), პოლონეთში – 30% (2 788 029), დიდ ბრიტანეთში – 50% (103 724) და ამერიკის შეერთებულ შტატებში – 1% (399 054);

ასევე, ევროპისა და ამერიკის მიმართულებით: რუმინეთში – 477% (99 774), ჩეხეთში – 70% (33 450), ნიდერლანდებში – 39% (63 951), საფრანგეთში – 15% (113 297), ესტონეთში – 12% (464 792), ლატვიაში – 12% (1 427 836), ლიეტუვაში – 7% (366 552), გერმანიაში – 3% (378 954) და ა.შ.;

ტრადიციულ ბაზრებსა და აზიის მიმართულებით ღვინის ექსპორტი გაიზარდა თურქმენეთში – 102% (135 294), მონღოლეთში – 44% (162 390), ყირგიზეთში – 37% (179 610), უკრაინაში – 34% (8 346 700), ყაზახეთში – 16% (3 112 202), რუსეთში – 10% (42 344 328), ბელარუსში – 3% (1353042) და სხვა.

ექსპორტიორი ქვეყნების პირველ ხუთეულშია რუსეთი (42 344 328), უკრაინა (8 346 700), ჩინეთი (5410667), ყაზახეთი (3 112 202) და პოლონეთი (2 788 029).

ამასთან, იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან მსოფლიოს 22 ქვეყანაში ექსპორტირებულია 15.7 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 15%-ით აღემატება გასული წლის 10 თვის მონაცემებს. ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავლებმა 32.2 მლნ აშშ დოლარს მიაღწია – ზრდამ 8% შეადგინა.

საანგარიშო პერიოდში საქართველოდან მსოფლიოს 25 ქვეყანაში ექსპორტირებულია 322 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ზრდამ შეადგინა 47%. სულ ექსპორტირებულია 915 ათასი აშშ დოლარის ღირებულების ჭაჭა, რაც 38%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავლებმა 252.1 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 13%-ით აღემატება გასული წლის იანვარ-ოქტომბრის მაჩვენებელს.

Comments

comments