დიღმის ჭალებში გაშენებულ საქალაქო პარკში ჰაერში დაკიდებული ხეივანი, პლაჟები, აკვაპარკი, ეკო ხიდები განთავსდება

დიღმის ჭალებში საქალაქო პარკის პროექტის შედგენაზე გამოცხადებული ტენდერი უკვე დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ ტენდერში კომპანია შპს „გოდაკო 2“- მა გაიმარჯვა, რომელიც აღნიშნული მომსახურებისთვის 354 000 ლარს მიიღებს.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, საპროექტო ტერიტორია 85 000 კვ/მ-ს, ხოლო მდინარე მტკვარში კუნძული – 65 000 კვ. მეტრს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ კომპანიას წარდგენილი აქვს პროექტის განმარტებითი ბარათიც, რომელშიც გაწერილია თუ როგორ წარმოუდგენიათ აღნიშნული საპროექტო ტერიტორიის განვითარება. განმარტებითი ბარათის თანახმად, ტერიტორია დაიყოფა 5 ზონად – მისასვლელ-საპარკინგე ზონა; კულტურულ-საგანმანათლებლო; ხელოვნურად შექმნილი წყლის სარკის ზონა; სპორტული და საბავშვო ზონა.

„პარკის მთავარი შესასვლელი ნაგებობა ბელიაშვილის ქუჩის მხრიდან იქნება. ტერიტორიაზე გათვალისწინებულია მედიათეკასა და ამფითეატრის მოწყობა, სადაც განთავსებული იქნება კაფე-ბარი, კინოთეატრი, საგამოფენო სივრცე. იქნება ხელოვნურად შექმნილი სარკის ზონა, რომლის გარშემოც მოეწყობა პლაჟები და აკვაპარკი, ასევე წყლის სარკეს ზემოდან გადაუვლის საფეხმავლო ეკო ხიდი. ტერიტორიაზე სხვადასხვა სპორტული მოედნის გარდა მოეწყობა ასევე თანამედროვე სკეიტპარკის მოედანი. ამასთან, საპროექტე კუნძულის სიღრმეში მოეწყობა, ჰაერში დაკიდებული საფეხმავლო ხეივანი, რომელიც მცირე ზომის დამატებითი ბილიკებით გადაიკვეთება; პარკის მთელ ტერიტორიაზე იქნება ველობილიკები და საფეხმავლო ბილიკები“, -აღნიშნულია პროექტის განმარტებით ბარათში.

Comments

comments