პირველ არხზე ზურაბიშვილის, ვაშაძისა და ბაქრაძის დებატები 24 ოქტომბერს 22:00 საათზე იგეგმება

საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის დაგეგმილ დებატებთან დაკავშირებით, 9 ოქტომბერს საზოგადოებრივ მაუწყებელში სალომე ზურაბიშვილის, გრიგოლ ვაშაძის, დავით ბაქრაძის წარმომადგენლებსა და პირველი არხის მენეჯმენტს შორის შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე განიხილეს საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის დებატების სავარაუდო დრო და ფორმატი. საერთო შეთანხმების საფუძველზე, შეირჩა დებატების გამართვის ორი სავარაუდო თარიღი – 22 ან 24 ოქტომბერი.

10 ოქტომბერს გამართული დამატებითი მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა, რომ დებატები გაიმართება 24 ოქტომბერს, 22:00 საათზე, პირველი არხის ტელე და რადიო ეთერში.

საპრეზიდენტო კანდიდატების წარმომადგენლებმა დებატებში სალომე ზურაბიშვილის და გრიგოლ ვაშაძის მონაწილეობა დაადასტურეს. დავით ბაქრაძის წარმომადგენლის განცხადებით, ვინაიდან დავით ბაქრაძე არ იმყოფება საქართველოში, მისი ოფიციალური დასტური 12 ოქტომბერს გახდება ცნობილი.

პირველი არხი საეთერო დროს ყველა საპრეზიდენტო კანდიდატს თანაბრად უთმობს. 28 ოქტომბრამდე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში მაყურებელს საშუალება ექნება, საპრეზიდენტო კანდიდატებს სამ სხვადასხვა ფორმატში გაეცნოს.

26 სექტემბრიდან 25 ოქტომბრამდე ყოველდღე კვირის გარდა „მოამბის“ მთავარ გამოშვებაში თითოეულ კანდიდატს საშუალება ეძლევა, ამომრჩევლებს 10 წუთის განმავლობაში, 21:30 საათზე საკუთარი ხედვა გააცნოს.

ასევე, პირველმა არხმა არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს შესაძლებლობა მისცა, გამოიწვიონ ერთმანეთი დებატებში და კანდიდატების შეთანხმების შემთხვევაში, მათ საეთერო დროს უთმობს.

ამასთან, დებატები გაიმართება 12 ოქტომბერს, პარასკევს 22:00 საათზე, რომელშიც ცხრა არაკვალიფიციურ სუბიექტს შეუძლია მონაწილეობის მიღება.

კვალიფიციური სუბიექტები ორ ჯგუფად, 8-8 კანდიდატად დაიყო. მათ შორის დებატები კი 19 და 26 ოქტომბერს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ დებატების განრიგი და რიგითობა შეთანხმდა კენჭისყრის შედეგად საარჩევნო სუბიექტებთან ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ შეხვედრაზე.

Comments

comments