საქართველო პირველად მსოფლიოს უსაფრთხო ქვეყნების ხუთეულში მოხვდა

კვლევითი პორტალი Numbeo დანაშაულის მაჩვენებლის ინდექსის მიხედვით, ყველაზე უსაფრთხო და საშიში ქვეყნებისა და ქალაქების სიას აქვეყნებს.

ამ კვლევის მიხედვით, თბილისი 2018 წელს მსოფლიოს 327 ქალაქს შორის 312-ე ადგილზეა და შესაბამისად, უსაფრთხოების მიხედვით, მეთექვსმეტე ადგილს იკავებს.

რეიტინგის ლიდერები უსაფრთხოების თვალსაზრისით აბუ-დაბი (არაბთა გაერთიანებული საამიროები), დოჰა (ყატარი), ბაზელი (შვეიცარია), სინგაპური და კვებეკი (კანადა) არიან.

რაც შეეხება ყველაზე საშიშ ქალაქებს, Numbeo-ს მონაცემებით, ესენია: სან-პედრო-სულა (ჰონდურასი), კარაკასი (ვენესუელა), პორტ-მორბსი (პაპუა-ახალი გვინეა), ფორტალეზა (ბრაზილია) და დურბანი (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა).

რაც შეეხება მონაცემებს ქვეყნების მიხედვით, დანაშაულის ინდექსით 117 ქვეყანას შორის საქართველო მეხუთე ადგილზეა. ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად იაპონიაა დასახელებული, ხოლო საშიშად ვენესუელა.

Numbeo მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი მონაცემთა ბაზაა, რომელიც, მომხმარებელთა ინფორმაციაზე დაყრდნობით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ქვეყნებსა და ქალაქებში უსაფრთხოებისა და დანაშაულის კუთხით არსებულ ვითარებას და სხვა მონაცემებს აფასებს.

Comments

comments