როგორი იქნება თბილისის სატელევიზიო კოშკი განახლების შემდეგ

თბილისის სავიზიტო ბარათი უახლოესს მომავალში ახალ ფუნქციებს შეიძენს. ესტონურმა კომპანია „კოკო არქიტექტორებმა“ თბილისის სატელევიზიო კოშკის განვითარებისა და ტურისტული ღირსშესანიშნაობის მოწყობის კონცეფციაზე მუშაობა უკვე დაასრულეს. დედაქალაქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობა ერთნაირად იზიდავს, როგორც თბილისელებს, ისე დედაქალაქის სტუმრებს, ამიტომ მოსახლეობას ახალი პროექტის მიმართ განსაკუთრებული მოლოდინი აქვთ.

მოსახლეობაში ყველაზე დიდი ინტერესი სატელევიზო კოშკზე მოძრავი რესტორნის მშენებლობას მოჰყვა. ესტონური კომპანიის მიერ მომზადებული დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ მბრუნავი რესტორნის მოძრაობის სავარაუდო სიგრძე 106მ, სავარაუდო მოძრაობის სიჩქარე კი 30 მმ/წმ (ერთი მთლიანი ბრუნი ერთ საათში).

აღსანიშნავია, რომ სატელევიზიო კოშკზე მოწყობილი იქნება ახალი საძირკველი – თბილისის სატელევიზიო ანძის ატრაქციონი.
ზღვის დონიდან 719 მეტრის სიმაღლის მთაზე მდგარ კონსტრუქციაზე საგამოფენო სივრცეც განთავსდება.

ესტონური კომპანია „კოკო არქიტექტორების“ მიერ მომზადებული დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ სატელევიზიო კოშკთან მისასვლელი ახალი გზა გაკეთება.

სატელევიზიო კოშკს ახალი ევაკუაციის გეგმა ექნება, რომელიც ესტონეთის სამაშველო ცენტრის ტექნიკური საინჟინრო ბიუროს უფროსი მეხანძრე მარშალის – ვასილ ჰარშტუკის მიერ შეიქმნა. შემუშავებული დოკუმენტის მიხდვით ირკვევა, რომ ევაკუაციის კიბე, 1200მმ უნდა იყოს, 1 ასეთი კიბე საკმარისია 500 ადამიანის ევაკუაციისთვის. რაც შეეხება ლიფტს, ლიფტის ზომა სულ მცირე 2,1×1,1 მ უნდა იყოს. აუცილებელია ორივე ლიფტი ხანძარსაწინააღმდეგო ტიპის იყოს, რათა უზრუნველყოს ევაკუაციის პირობები. ლიფტის დაახლოებითი ფასი 190 000 ევროა, ინსტალაციის ფასი 50.000-60.000 ევრო ხოლო, დაახლოებით ტრანსპორტირების ფასი 5.000 ევრო.

საქართველოს ტელერადიოცენტრის იურისტი ლაშა ჩალაძე „კომერსანტს“ უყვება, რომ ესტონურმა კომპანიამ დედაქალაქის ერთ-ერთი მთავრი სიმბოლოს განვითარების კონცეფციის სამი ვარიანტი მოამზადა:

„კომპანია „კოკო არქიტექტორებმა“ წარმოადგინა განვითარების კონცეფციის 3 ვარიანტი. ჩვენთვის სამივე ვარიანტი მისაღებია, უბრალოდ შემდგომ ეტაპზე შეთანხმება უნდა მოხდეს კულტურის საბჭოსთან და რომელიც იქნება ოპტიმალურ ვარიანტი ამ წარმოდგენილი კონცეფციებიდან იმის პროექტირებაზე გამოცხადდება ტენდერი, რაც სავარაუდოდ მომავალი წლისთვის მოხდება“,-აცხადებს ლაშა ჩალაძე.

დეველოპერს, რომელიც განახორციელებს საჭირო თანხის ინვესტიციას სანაცვლოდ მიიღებს 40-50 წლიან უფლებას შენობაზე. „კომერსანტის“ მიერ მოპოვებულ დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ქალაქს/ სახელმწიფოს მოუწევს 1-2 მილიონის ინვესტირება ინფრასტრუქტურასა და სატელევიზიო კოშკში – მაგ. კაბელების აწევა, ანძის ძირითადი სტრუქტურის შეღებვა და ა.შ. პროექტის ავტორები ფიქრობენ, რომ ინვესტორის მოძიება თანხის ამოღების ხანგრძლივი პერიოდის გამო;

მომზადებულ დოკუმენტში მშენებლობის მთლიან სავარაუდო ვადად 42 თვე სახელდება.

„კომპანია „კოკო არქიტექტორების მიერ მომზადებულ დოკუმენტში საუბარია პროექტის ხარჯებზეც: კერძოდ, პროექტის პირველი ვარიანტის ღირებულება 8 185 000 ევროა, მეორე ვარიანტის 9 535 000 ევრო, ხოლო მესამე ვარიანტის კი 6 765 000 ევრო.

თბილისის სატელევიზიო კოშკი, რომელსაც არასწორად უწოდებენ ტელეანძას, საკომუნიკაციო მიზნებისთვის აგებული დამოუკიდებლად მდგომი სტრუქტურაა.მისი მშენებლობა 1952 წელს დაიწყო და 1956 წელს დასრულდა. სიმაღლე 186 მეტრი იყო და ახლანდელი კოშკის მიმდებარედ იდგა. შედარებით მარტივი კონსტრუქციისგან შედგებოდა და ფერმული სტილის იყო. პირველი სატელევიზიო გადაცემა 1956 წლის 30 დეკემბერს გავიდა ეთერში. პირველი ფერადი მაუწყებლობა კი – მოგვიანებით, 1966 წელს. სტუდია, საიდანაც მაშინდელი დიქტორები ქვეყანას ახალ ამბებს ამცნობდნენ, ძველი კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე იყო განლაგებული. ვინაიდან ძველ კოშკს სატელევიზიო არხების რაოდენობის გაზრდის საშუალება არ ჰქონდა, საჭირო გახდა ახალი კოშკის მშენებლობა. მისი მშენებლობა 1972 წელს დაიწყო და ორი წლის განმავლობაში მცოცავი ამწით მიმდინარეობდა. ახალი თანამედროვე კოშკი ექსპლოატაციაში შევიდა 1974 წლის 30 ნოემბერს, რის შემდეგაც მოხდა ძველი კოშკის დემონტაჟი და გადატანა ქალაქ გორში. დღეისათვის თბილისის სატელევიზიო კოშკი საქართველოში ყველაზე მაღალი ნაგებობაა, რომელიც მსოფლიოს ყველაზე მაღალი კოშკების სიაშია შეტანილი.

წყარო

Comments

comments