ზესტაფონის ცენტრალურ მოედნის კეთილმოწყობის სამუშაოები დაიწყო

ზესტაფონის ცენტრალურ მოედანზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო, ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ ზესტაფონის მერია ავრცელებს.
მათი განმარტებით, ქალაქის ცენტრალური მოედანი, რომელიც უშანგი ჩხეიძის სახელობის დრამატული თეატრის წინ მდებარეობს, შემოიღობა და სამშენებლო სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. პროექტი ძირითადად რეგიონული განვითარების ფონდის მიერ, ნაწილობრივ კი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მასზე მთლიანად 635 951 ლარია გამოყოფილი.
სამუშაოები, რომელსაც შპს “ნიკარემსტროი“ ასრულებს, 2019 წლის თებერვალში დასრულდება.
„სულ მალე ზესტაფონს ექნება სრულიად განახლებული, ცოცხალი და მრავალმხრივ დატვირთული ცენტრალური მოედანი. უკვე მიმდინარეობს სრული რეკონსტრუქცია. მთელ პერიმეტრზე დაიგება ქვაფენილი, გაკეთდება შადრევანი, მოეწყობა მწვანე ზოლი, იქნება თანამედროვე განათება, სკულპტურები და სკამები“ – განაცხადა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერმა კახაბერ მახათაძემ.
მათივე განცხადებით, პროექტის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი მოსაცდელის მოწყობა.

Comments

comments