,,რუსთავქალაქობის” აღსანიშნავი ღონისძიებები ხვალ დაიწყება

წელს რუსთავი 70 წლის გახდა, საიუბილეო თარიღს, ქალაქი ზეიმით აღნიშნავს. ღონისძიებები ხვალ დაიწყება და ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

,,რუსთავქალაქობა- 2018“, 15 სექტემბერს, 16:00.სთ-ზე, სხვადასხვა სპორტული ასპარეზობით და რუსთავის დრამატული თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ღონისძიებით- ,,გააცოცხლეთ რუსთავის ისტორია“ გაიხსნება. საღამოს რვა საათზე კი, რუსთავის პროფესიულ დრამატულ თეატრში, საქართველოს სიმფონიური ორკესტრის და ნიკოლოზ რაჭველის კონცერტი გაიმართება. კონცერტზე, საქართველოს მთავრობის და პარლამენტის წევრები, საქართველოში აკრედიტებული საელჩოების წარმომადგენლები და რიგითი რუსთაველები არიან მიწვეულნი. დღესასწაულის გახსნის ცერემონიალს, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრებიან.

რუსთავქალაქობა-2018-სადმი მიძღვნილ ღონისძიებებს, რუსთავის ათი დამეგობრებული ქალაქის წარმომადგენლები სტუმრის სტატუსით დაესწრებიან.

რუსთავქალაქობის კვირეულის ფარგლებში, 15-დან 22 სექტემბრის ჩათვლით, ქალაქის თითქმის ყველა უბანში სხვადასხვა საზეიმო ღონისძიება გაიმართება.

16 სექტემბერს, ქალაქის დღესასწაულს თოდრიას სახელობის ქუჩა უმასპინძლებს ფერების ფესტივალით.17 სექტემბერს გმირთა მემორიალის მიმდებარე ტერიტორიაზე ვაჟა ფშაველას ბიუსტი გაიხსნება, 18 სექტემბერს ,,ალილო“ და ლაშა ღლონტი კულტურისა და დასვენების პარკში არსებული ამფითეატრის სცენიდან მიულოცავენ რუსთაველებს. 19 სექტენბერს რუსთავის თეატრში დასაქმების ფორუმი გაიმართება. 20 სექტემბერს, რუსთავის ციხესთან ეთნოფესტივალი მოეწყობა, 20 სექტემბერსვე, 11.00. სთ-ზე ქალაქ აკმენეს დელეგაციის ოფიციალური მიღებაზე რუსთავის მერიაში, ორ ქალაქს შორის დამეგობრების მემორანდუმს მოეწერება ხელი.

მთელი კვირის განმავლობაში, ქალაქის თითქმის ყველა უბანი, ქუჩის სპექტაკლებით, საბავშვო-გასართობი შოუ-პროგრამებით და სპორტული ასპარეზობებით იქნება დატვირთული.

ერთკვირიანი ზეიმის დახურვა, 22 სექტემბერს, კოსტავას გამზირზე, ძველ რუსთაველებთან შეხვედრით დაიწყება და საღამოს, ლეონიძის სახელობის ქუჩაზე, ჯგუფ ,,რეგიონის“ კონცერტით დასრულდება.

რუსთავქალაქობის აღნიშვნის ტრადიციას საფუძველი 2000 წელს ჩაეყარა.

Comments

comments