ქართველების 6 მედალი და გუნდური ჩემპიონობა ვარშავიდან

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში დასრულდა ციოლკოვსკის სახელობის საერთაშორისო ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში, სადაც დიდი წარმატებით იასპარეზა საქართველოს ნაკრებმა. ქართველმა ფალავნებმა ჯამში 6 მედალი – 3 ოქრო, 2 ვერცხლი და 1 ბრინჯაო მოიპოვეს.

ტურნირის ჩემპიონები ზურაბ იაკობიშვილი (70 კგ), ავთანდილ კენჭაძე (74 კგ) და ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ) გახდნენ, ვერცხლის მედლებს ლადო ხინჩეგაშვილი (65 კგ) და დავით ხუციშვილი (79 კგ) დასჯერდნენ, ბრინჯაოს მედალი კი დავით მარსაგიშვილმა (92 კგ) მოიპოვა.

იაკობიშვილმა ფინალში ყაზახი ამანდიკ ბაკეიევი 12:2 გაანადგურა, ხუციშვილმა გადამწყვეტი შერკინება რუსეთის წარმომადგენელ მაგომედ რამაზანოვთან დათმო, მარსაგიშვილმა კი ბრინჯაოს შერკინება ყაზახ იერალი აბდრაშევს 8:0 მოუგო.

ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანების ეგიდით გამართულ უმაღლესი კატეგორიის შეჯიბრში 27 ქვეყანა იღებდა მონაწილეობას, გიორგი იანტბელიძის მიერ გაწვრთნილმა ნაკრებმა კი 136 ქულით გუნდური პირველი ადგილი არავის დაუთმო. მეორე ადგილი ყაზახეთს (135 ქულა) ხვდა წილად, მესამე კი რუსეთის ნაკრები იყო 134 ქულით.

Comments

comments