მართვის მოწმობის ტესტებს ახალი ბილეთები ემატება

მართვის მოწმობის თეორიული გამოცდის ტესტებს 30 სექტემბრიდან ეკომართვის საგამოცდო ბილეთები დაემატება. შესაბამის ბრძანებას — „სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის საგამოცდო ტესტების (ბილეთები) დამტკიცების შესახებ”, რომელიც საკანონმდებლო მაცნეში 31 აგვისტოს გამოქვეყნდა, ხელს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია აწერს.

ბრძანებას თან ერთვის დანართები, რომელშიც ეკომართვის საგამოცდო ბილეთები და მათი სწორი პასუხებია მოცემული. ჯამში, მართვის მოწმობის საგამოცდო ტესტებს 51 ბილეთი დაემატა.

ბრძანების მიხედვით, ცვლილება „თბილისის ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირების ხელშემწყობი ღონისძიებების შესახებ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ” მთავრობის განკარგულების საფუძველზე განხორციელდა.

მას შემდეგ რაც საქართველოში მართვის მოწმობის საგამოცდო ტესტებს ეკოლოგიის შესახებ 51 საკითხი დაემატება, ბილეთების საერთო რაოდენობა 1792-მდე გაიზრდება.

რაც შეეხება მართვის მოწმობის ასაღებად პრაქტიკულ გამოცდას, ცნობილია, რომ 2018 წლის ბოლომდე ის ორ ეტაპად ჩატარდება – მოედანზე და ქალაქში. ამჟამად პრაქტიკული გამოცდა მხოლოდ სპეციალურ მოედანზე ტარდება, სადაც მართვის მოწმობის მიღების მსურველმა გარკვეული მანევრები უნდა შეასრულოს.

დაგეგმილი ცვლილების თანახმად, მოქალაქეები პრაქტიკულ გამოცდას ჯერ დახურულ მოედანზე, მისი წარმატებით დასრულების შემთხვევაში კი ქუჩაში ჩააბარებენ. გამოცდის ახალი სტანდარტებით ჩაბარება საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში იქნება შესაძლებელი.

Comments

comments