EBRD-ის მხარდაჭერით ბათუმს ახალი ავტობუსები მოემსახურება

დღეს ბათუმში ახალი მუნიციპალური ავტობუსების პრეზენტაცია გაიმართა.

პირველ ეტაპზე 15 ერთეული ახალი ავტობუსია შემოსული. წლის ბოლომდე კი ქალაქში დამატებით 25 ავტობუსი შემოვა.

ახალი ავტობუსები ქალაქის ქუჩებში პირველად 1 სექტემბერს, ,,ბათუმობის“ დღესასწაულზე გამოჩნდება. ახალი, ლურჯი ავტობუსებით მგზავრობა პირველ სექტემბერს, “ბათუმობასთან” დაკავშირებით, უფასო იქნება.

აღნიშნული ავტობუსების შეძენა ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის (EBRD) დაბალპროცენტიანი სესხით განხორციელდა.

„ისუზუ ატამანის“ მოდელის ავტობუსების მოწოდება ტენდერში გამარჯვებულმა უკრაინულ-იაპონურმა კომპანიამ – „ჩერკასკი ავტობუსმა” უზრუნველყო.

ავტობუსები 60 ადამიანზეა გათვლილი, აღჭურვილია GPS სისტემით, კონდენციონერით და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

ახალი სატრანსპორტო საშუალება, არსებულ ავტობუსებთან შედარებით, ხარჯის 50%-ით ეკონომიას გააკეთებს.

2019 წელს კი, ბათუმისთვის ელექტროავტობუსების შესყიდვა განხორციელდება.

პრეზენტაციას საქართველოში იაპონიისა და უკრაინის ელჩები, კომპანია ისუზუსა და EBRD-ის წარმომადგენლები, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ბათუმის მერი, შპს ,,ბათუმის ავტოტრანსპორტის“ დირექტორი და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.

Comments

comments