ავტობანის, უბისა- შორაპანის მონაკვეთზე 9 გვირაბი და 27 ხიდი აშენდება

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა უბისა- შორაპანის მონაკვეთზე ავტობანის მშენებლობისთვის კომპანიის შესარჩევი ტენდერი გამოაცხადა.

გზის ამ მონაკვეთის მშენებლობას ევროპის საინვესტიციო ბანკი აფინანსებს.

დაგეგმილია ახალი 13 კილომეტრიანი 4 ზოლიანი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის აშენება.

სექცია იწყება სოფელ ბორითიდან და მთავრდება ქვედა წევა სოფელთან.

პროექტის მიხედვით, მაგისტრალი მოიცავს თითო მიმართულებით ორზოლიან სავალ ნაწილს, რომლის თვითოეულის სიგანეა 3.75 მეტრი, დამატებით სასწრაფო-საავარიო ზოლს 2,5+0,5 მეტრი სიგანით.

ამ მონაკვეთზე აშენდება 9 გვირაბი, რომელთა სიგრძეები მერყეობს 300 მეტრიან 1600 მეტრამდე და 27 ხიდი, რომლიდანაც 13 განლაგებულია თბილისი- არგვეთას მიმართულებაზე, ხოლო 14-არგვეთა-თბილისის მიმართულებაზე (სიგრძეები მერყეობს 33 მეტრიდან 1,200 მეტრამდე).

ხელშეკრულების განხორციელების სავარაუდო პერიოდა 2018 წლის დეკემბრიდან 2021 წლის დეკემბრამდე.

შეგახსენებთ, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ავტობანზე, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის მშენებელი კომპანიების შერჩევაც დაიწყო.

ინტერესთა გამოხატვა უკვე გამოცხადებულია. 14.7 კილომეტრიანი გზის მშენებლობა 2 ქვე-ლოტად დაიყო. პირველი ქველოტი 5.65 კმ-ს მშენებლობას ითვალისწინებს, მეორე 9.13 კმ.-ს.

რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობა 4 სექციად არის დაყოფილი: ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთი (I სექცია) 11.7 კმ, ხევი-უბისას მონაკვეთი (II სექცია) 12,2 კმ, უბისა-შორაპანის მონაკვეთი (III სექცია) 13 კმ. შორაპანი-არგვეთას მონაკვეთი (IV სექცია) 14,7კმ.

Comments

comments