Booking.com–ზე აფხაზეთი დამოუკიდებელ ქვეყნად არის მოხსენიებული

Booking.com–ი აფხაზეთს, როგორც დამოუკიდებელ ტერიტორიულ ერთეულს ემსახურება. მსოფლიოში დაჯავშნის ერთ–ერთ ყველაზე პოპულარულ პორტალს საქართველოს ოკუპირებული რეგიონი ქვეყნების ჩამონათვალში ცალკე ჰყავს შეყვანილი. პირველ რიგში ეს შესამჩნევი მათთვის არის, ვისაც ვებ–გვერდზე უძრავი ქონება აქვს განთავსებული და მის დასაწინაურებლად შეთავაზებებს იყენებს. კერძოდ, თუ მომხმარებელი საიტის შიდა პანელის, ეგრეთ წოდებული ექტრანეტის გამოყენებით ირჩევს ფუნქციას Visibility Booster (ქონების პრომოუშენი მიზნობრივი აუდიტორიისთვის), Booking.com–ი მას სთავაზობს რეკლამირებას კონკრეტულ ქვეყნებსა და რეგიონებში, რომელთა ჩამონათვალშიც, საქართველო და აფხაზეთი ცალ–ცალკეა შეყვანილი.

რაც შეეხება მთავარ, ინგლისურენოვან გვერდს, აქ პორტალის მხრიდან გარკვეულ მანიპულაციებს აქვს ადგილი. მაგალითად, თუ თქვენ დასაჯავშნად ქონებას ეძებთ ბათუმში და მთავარ საძიებო ველში შეგყავთ ქალაქის დასახელება Batumi, სისტემა გეხმარებათ და გამცნობთ, რომ ბათუმი არის აჭარა, საქართველო (Batumi, Ajara, Georgia).

სოხუმის შემთხვევაში კი ქალაქი მისი ქართული დასახელებით “სოხუმი” (Sokhumi) საერთოდ არ იძებნება, “სუხუმი”-ს (Sukhumi) შეყვანის შემთხვევაში კი სისტემა გამცნობთ, რომ არსებობს მხოლოდ ქალაქი “სუხუმ” (Sukhum)და ის არის აფხაზეთი (Sukhum, Abkhazia) – საქართველოს (Georgia)დამატების გარეშე.
საინტერესოა ისიც, რომ საკურორტო რეგიონებისა და ქალაქების მთავარ გვერდებზე საქართველოს სხვა ქალაქები ქართული დროშით არის წარმოდგენილი, აფხაზეთის დასახლებები კი საერთოდ დროშის გარეშეა.

ეწევა თუ არა ნიდერლანდებში რეგისტრირებული კომპანიაBooking.com–ი, რომელსაც ოფისი თბილისშიც აქვს, აფხაზეთის ტერიტორიაზე საქმიანობას ლეგალურად, უცნობია. თუმცა ვებ–გვერდიდან კარგად ჩანს, რომ ადგილობრივი მესაკუთრეები მას აქტიურად იყენებენ. კერძოდ, 2018 წლის 16 ივლისის მდგომარეობით, პორტალი გვეუბნება, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე დასაჯავშნად სულ 2 395 ერთეული სასტუმრო, ჰოსტელი და სხვა ტიპის განთავსების ადგილი მოიპოვება. გასაქირავებელი ფართების პირად გვერდებზე დატოვებული შეფასებებიდან და კომენტარებიდან კი ირკვევა, რომ საიტის გამოყენებით ოკუპირებულ ტერიტორიებს ტურისტები არამხოლოდ რუსეთის ფედერაციიდან, არამედ ევროპის ქვეყნებიდანაც სტუმრობენ.

აღსანიშნავია, რომ Booking.com-ზე ამ დრომდე არანაირი ინფორმაცია არ მოიპოვება საქართველოს მეორე ოკუპირებული ტერიტორიის – ცხინვალის რეგიონის შესახებ.

ავტორი: დავით ბოლქვაძე
სრულად წაიკითხეთ

Comments

comments