კახა კალაძე არასამთავრობოებს: შანტაჟის ენით ელაპარაკეთ იმათ, სადაც გაგდიოდათ!

შანტაჟის ენით ელაპარაკეთ იმათ, სადაც გაგდიოდათ!,-ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე, დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ზოგიერთ ცხოველთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებებს.
“არ შემიძლია არ გამოვეხმაურო რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ამაზრზენ კადრებს, რომელიც ერთი მხრივ ნიშანია იმისა, რომ ხდება ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიზანმიმართული დისკრედიტაცია, ხოლო მეორე მხრივ ფაქტია, რომ საქმე გვაქვს სისხლის სამართლის დანაშაულთან. იცით, რომ უკვე დაწყებულია გამოძიება ამასთან დაკავშირებით და ვიმედოვნებთ, რომ მოკლე ხანში გამოვლინდება ყველა ის ადამიანი, რომელმაც ჩაიდინა ეს ამაზრზენი დანაშაული – უმწეო ლეკვი განათავსა მკვდარ ცხოველებთან და დაარღვია შიდა სანიტარული წესები.

ვფიქრობთ, ეს არის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში მიმდინარე რეფორმების, მათ შორის საკადრო პოლიტიკისა და ზოგიერთი სხვა გადაწყვეტილების შედეგი, ვგულისხმობ ხელშეკრულების გაწყვეტას ზოგიერთ არასამთავრობო ორგანიზაციასთან.

არაერთხელ გამიკეტებია განცხადება ამასთან დაკავშირებით, და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მზად ვართ თანამშრომლობისთვის კონკრეტულ ორგანიზაციებთან, ადამიანებთან, ვისაც სურვილი აქვს ცვლილებები განახორციელოს მართლაც ჩვენთან ერთად ამ მიმართულებით.
ჩვენ გვესმის, რომ არის პრობლემები და გამოვხატეთ მზაობა რეფორმების დაწყებაზე.

თუ დამატებითი თანხებია გამოსაყოფი, ამაზეც უკან არ ვიხევთ. თუმცა, შანტაჟის ენით საუბარი კატეგორიულად მიუღებელია პირადად ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის. საუბრები იყო, სააგენტოს მხრიდან მომხდარიყო პასპორტების შესყიდვა კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციებისგან, კონკრეტული დასაქმების მოთხოვნა იყო სააგენტოში.

მიზანმიმართულად არ ვასახელებ ამ სააგენტოებს. ასევე, საუბარი იყო წამლების შესყიდვაზე. მეგობრებო, წამლების გაყიდვა ვისაც სურს, ტარდება ტენდერი და შეგიძლიათ მიიღოთ მონაწილეობა… და, შანტაჟის ენით საუბარი კატეგორიულა მიუღებელია ამას არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ. შანტაჟის ენით ელაპარაკეთ იმათ, სადაც გაგდიოდათ ეს საუბარი“, – განაცხადა კახა კალაძე.

Comments

comments