„ესეც ერთი მტკიცებულება ბოკუჩავას, დანარჩენი მერე“ – ეკა ბესელია

პარლამენტარი ეკა ბესელია საკუთარ ფეისბუკგვერდზე 2010 წლით დათარიღებულ ოფიციალურ დოკუმენტს აქვეყნებს, სადაც კარგად ჩანს, რომ „ზარაფხანაში“ სახელმწიფო ხარჯებით დამზადებული ძვირფასი სამკაული ნამდვილად გადაეცა პარლამენტარ თინა ბოკუჩავას. „ესეც ერთი მტკიცებულება ბოკუჩავას, დანარჩენი მერე…“, წერს ეკა ბესელია.

შეგახსენებთ, რომ გუშინ პარლამენტში მწვავე დაპირისპირება იყო ეკა ბესელიასა და თინა ბოკუჩავას შორის. „სიმართლის მოსმენა, როგორც ჩანს გაუჭირდა ქალბატონ ბოკუჩავას, მაგრამ მას მოუწევს ხშირად მოისმინოს ეს სიმართლე, იმის საპასუხოდ, რა სიცრუესაც ავრცელებს ხოლმე. ჩემი პასუხი ეფუძნება კონკრეტულ მტკიცებულებებს, როდესაც ის საუბრობს კორუფციაზე და აყენებს ბრალდებებს, რომელიც მართლა შეიცავს ცილისმწამებლურ შინაარსს და ვთხოვთ მას, დადოს კონკრეტული ფაქტები. ექვსი წელი ლაპარაკობენ ასეთი კონტექსტით და ფაქტები არ აქვთ. პასუხად მან მიიღო ის კონკრეტული მასალა, რომელიც აღმოჩნდა პარლამენტში შემოსულ მასალებში. როდესაც ხელისუფლება შეიცვალა და სახელმწიფო დაცვის სამსახურის ბიუჯეტის ხარჯვითი დოკუმენტაცია იყო გამოთხოვილი, იქ აღმოჩნდა ბევრი ნაცნობი სახელი და გვარი, მათ შორის იყო ბოკუჩავა, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეგზავნებოდა საჩუქრები ძვირფასი ნივთების სახით. იმ საქმეზე სააკაშვილს ბრალი დაედო, განაჩენიც გამოტანილია. ამ საჩუქრების საერთო რაოდენობამ და სხვა თანხებმა, რომელსაც იყენებდა პირადი ინტერესებისთვის სააკაშვილი, 8 მილიონს გასცდა. როდესაც ქალბატონი ბოკუჩავა საუბრობს ცილისწამებაზე, ფაქტი არ აქვს. მე კონკრეტული ფაქტი მოვუყვანე და ვკითხე, რატომ იღებდა ასეთ საჩუქრებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ადამიანი, რომელიც მაშინ არ იყო მის პარტიაში და სხვა პოზიციაზე იყო. ეს მწარედ მოეჩვენა ქალბატონ ბოკუჩვას. თუ უნდა იჩივლოს, მიბრძანდეს. დამოუკიდებელი სასამართლოა და იმ სასამართლოში, იმ საქმეში იპოვის დოკუმენტებს, სადაც ეს ფაქტი ფიგურირებს“,- განაცხადა ეკა ბესელიამ.

Comments

comments