სომხეთის საზოგადოებრივმა რადიომ ქართულ ენაზე მაუწყებლობა დაიწყო

2018 წლის 11 ივლისიდან, ორწლიანი პაუზის შემდეგ, სომხეთის საზოგადოებრივმა რადიომ ქართულ ენაზე მაუწყებლობა განაახლა. ქართულ ენაზე ახალი ამბების მოსმენა და წაკითხვა ახლა უკვე armradio.info-ზეა შესაძლებელი.

სომხეთის საზოგადოებრივი რადიოს აღმასრულებელი დირექტორი მარკ გრიგორიანი იმედოვნებს, რომ ამ პუბლიკაციების წყალობით სომხურ-ქართული ურთიერთობები გამყარდება.

“ვფიქრობ, რომ ამ პუბლიკაციების წყალობით ჩვენ ასევე სარგებელი მოგვაქვს საქართველოში სომხური თემისთვის. დღეს ბევრი სომეხი საქართველოში თავისუფლად საუბრობს სომხურ და რუსულ ენებზე და ძალიან ცუდად იცის ქართული ენა. ვიმედოვნებთ, რომ ამ მასალების მოსმენითა და კითხვით ისინი ქართული ენის ცოდნასაც გაიუმჯობესებენ”, – ამბობს მარკ გრიგორიანი ნეტგაზეთთან საუბარში.

როგორც გრიგორიანი ამბობს, ქართულენოვანი სამსახურის განახლებაზე ფიქრი რადიოს დირექტორად დანიშვნის შემდეგ დაიწყო, თუმცა, სხვადასხვა, ძირითადად კი ფინანსური მიზეზით, ვერ შეძლო.

“სომხეთში ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ პრობლემა გადაიჭრა და ქართულ ენაზე მაუწყებლობა უკვე რეალობად იქცა. ეს ასევე ჩვენი ხელისუფლების, ჩვენი ჩრდილოელი მეგობრის, საქართველოს მიმართ დამოკიდებულებას აჩვენებს”.

მარკ გროგორიანი აღნიშნავს, რომ ამჟამად სბიუჯეტის სიმწირის გამო სპეციალისტების ნაკლებობაა რადიოში, თუმცა ჟურნალისტების საქართველოდან მოწვევის დიდი სურვილი აქვთ.

Comments

comments