ავტომობილების ტექნიკურ ინსპექტირებას 1 200 ჭკვიანი კამერა გააკონტროლებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიზისა და რეფორმების სამმართველოს უფროსის, ბექა ლილუაშვილის განცხადებით, ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების აღსრულების ნაწილი არაეფექტიანია, რადგან საპატრულო ეკიპაჟი შემთხვევითი პრინციპით ამოწმებს, აქვს თუ არა ავტომობილს ტექდათვალიერება გავლილი.

„საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებით პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების აღსრულების ნაწილი საკმაოდ არაეფექტიანია, ამიტომ ჩვენ ვახორციელებთ ამ პროცესის მაქსიმალურად ავტომატიზებას, რაც ნიშნავს, რომ ეს პროცესი უნდა მივაბათ ვიდეოსამეთვალყურეო სისტემაზე, რაც გაზრდის ეფექტიანობას ტექნიკური ინსპექტირების აღსრულების ნაწილში. 2019 წლის დასაწყისიდან უკვე ყველა ავტომობილისთვის ხდება სავალდებულო ტექდათვალიერება. ეს დაახლოებით მილიონამდე სატრანსპორტო საშუალებაა“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

მისი თქმით, არსებული მოდელით საპატრულო ეკიპაჟების მხრიდან ტექდათვალიერების პროცესის აღსრულება წარმოუდგენელი იქნება.

„ამიტომ აუცილებელია სამეთვალყურეო სისტემა. წლის ბოლომდე დაახლოებით 1 200 ჭკვიანი კამერა დამონტაჟდება მთელი საქართველოს მასშტაბით. ამ მიმართულებით უკვე მიმდინარეობს სამუშაოები. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ორთვიან პერიოდში დაახლოებით შესაძლებელი იქნება აღსრულების ნაწილი განხორციელდეს ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის გამოყენებით“, – აღნიშნა შსს-ს წარმომადგენელმა.

ტექდათვალიერების ამოქმედებიდან, 2018 წლის 1 იანვრიდან დღემდე პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების წესების დარღვევისთვის 2555 სატრანსპორტო საშუალება დაჯარიმდა.

ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება 2018 წლის 1 იანვრიდან დაიწყო და ეტაპობრივად მიმდინარეობს.

Comments

comments