ჭაბუკმა მოჭიდავეებმა საერთაშორისო ტურნირზე 8 მედალი მოიპოვეს

3 ივნისს რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში ჭიდაობის მსოფლიოს გაერთიანების ეგიდით საერთაშორისო ახალგაზრდული ტურნირი დასრულდა, სადაც საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა 1 ოქროს, 2 ვერცხლის და 5 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ტურნირის გამარჯვებული ჭაბუკებს შორის ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი აივენგო რიკაძე (82 კგ) გახდა, რომელმაც ფინალში რუსი მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა – 4:3. ვიცე-ჩემპიონები რამაზ სილაგავა (55 კგ) და ჯონი ხეცურიანი (67 კგ) გახდნენ, ბრინჯაოს მედლებს კი ბექა გურული (60 კგ), ნიკოლოზ ჭიკაიძე (72 კგ), თემური ჭკუასელიძე (87 კგ), ლუკა ხუციშვილი (97 კგ) და ბექა მაკარიძე (130 კგ) დაეუფლნენ.

საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა, რომელსაც ოლიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონი რევაზ ლაშხი, გიორგი ჯობავა და გიორგი ავაზაშვილი ხელმძღვანელობდნენ, მეორე ადგილი დაიკავა.

Comments

comments