პრემიერი მზად არის,ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მშობლებს,პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების გარეშე შეხვდეს

პრემიერ-მინისტრი მზად არის, მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებულ საკითხებზე სასაუბროდ, ხორავას ქუჩაზე მოკლული ორივე მოზარდის მშობლებს, პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების გარეშე შეხვდეს.

როგორც პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, გიორგი კვირიკაშვილი მზადაა მოკლული მოზარდების მშობლები, სურვილის შემთხვევაში, სახალხო დამცველთან ერთად მიიღოს.

„პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პირველსავე დღეს მივიდა პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე, რის შემდეგაც განაცხადა კონკრეტული ნაბიჯების შესახებ, რომლებსაც ხელისუფლება საზოგადოებაში არსებულ კითხვებზე პასუხის გასაცემად გადადგამდა.

ამასთან, 1 ივნისს, მთავრობის მეთაური, შინაგან საქმეთა მინისტრსა და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან ერთად, შეხვდა სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას, რომლისგანაც მოისმინა დამატებითი ინფორმაცია ორი ახალგაზრდის მკვლელობის საქმეზე არსებულ კითხვებთან დაკავშირებით.

გუშინ კი, პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, პრემიერმა დეტალურად ისაუბრა ხელისუფლების მიერ დაწყებული პროცესის შესახებ.

ამ ეტაპზე აუცილებელია არსებული ინსტიტუციური ფორმატების მაქსიმალურად გამოყენება და მათი გამჭვირვალობის უზრუნველყოფა.

ამასთან, პრემიერ-მინისტრი მზად არის, მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებულ საკითხებზე სასაუბროდ, რა თქმა უნდა, პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების მონაწილეობის გარეშე, პირადად შეხვდეს ხორავას ქუჩაზე მოკლული ორივე მოზარდის მშობლებს; მათი სურვილის შემთხვევაში – სახალხო დამცველთან ერთადაც.

მედიას კი, მიეცემა შესაძლებლობა, შეხვედრის დასრულების შემდეგ ჩაწეროს აღნიშნული შეხვედრის მონაწილეთა კომენტარები“, აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის განცხადებაში.

Comments

comments