ვარკეთილში ე.წ. ხრუშჩოვკების ჩანაცვლების პროექტი იწყება

თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ,კახა კალაძემ ე.წ. ხრუშჩოვკების ჩანაცვლების დაწყება დააანონსა და აღნიშნა, რომ პროექტის პირველი ლოკაცია ვარკეთილი იქნება.
“მინდა შევეხო ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პროექტს, ვსაუბრობ ჩემს ერთ-ერთ წინასაარჩევნო დაპირებაზე, მის მიმართ ბევრი სკეპტიკურად იყო განწყობილი და არ სჯეროდა, რომ შესაძლებელი იქნებოდა ამ პროექტის განხორციელება. მე მხედველობაში მაქვს ე.წ. ხრუშჩოვკების ჩანაცვლების პროექტი. თბილისის მერია აცხადებს ინტერესთა გამოხატვას ვარკეთილის მესამე მასივში მდებარე 30 205 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი კომპლექსის განვითარების მიზნით და ვიწვევთ კერძო სექტორს. ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებული პირი ამ პროექტს განახორციელებს თბილისის საკრებულოს მიერ დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმის შესაბამისად და გარკვეული რაოდენობის ფართებს გადასცემს მუნიციპალიტეტს. მინდა ხაზი გავუსვა, რომ როცა ადამიანს გულით გჯერა და მონდომებული ხარ, ყველაფერი არის შესაძლებელი“, – განაცხადა კალაძემ.
თბილისის მერის განმარტებით, ამ ეტაპზე საუბარია ვარკეთილის მესამე მასივის მე-6 და მე-8 კვარტლებში მდებარე 4 მწვავე ავარიული კორპუსის სრულად ჩანაცვლებაზე და ასევე ვარკეთილის მასივისა და ზემო პლატოს ნაკლებად მწვავე ავარიული კორპუსების მცხოვრებლების გადაყვანაზე.
“ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ მოლაპარაკებები ამ ოჯახებთან და მათ ექნებათ შესაძლებლობა თანამედროვე, ევროპული ტიპის საცხოვრებელი ფართები მიიღონ იმ კონკრეტულ ლოკაციაზე, რომელიც არის წარმოდგენილი. პირველ ეტაპზე საუბარია 170- ოჯახზე, თუმცა ეს არ არის ერთჯერადი პროექტი, ძალიან მიხარია, რომ ამ პროექტის განხორციელება დაიწყო“, – აღნიშნა კალაძემ.

Comments

comments