გურამ გირგვლიანი:ჩემთვის უბედურებაა ისიც,რომ სარალიძის გვერდით ჩემი შვილის მკვლელები დგანან

ვუყურებ ზაზა სარალიძეს და საკუთარი უბედურება ცხადად მიდგება თვალწინ, – ასე ეხმაურება სანდრო გირგვლიანის მამა გურამ გირგვლიანი
ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის გარშემო მიმდინარე პროცესებს.

“ჯერ ჩემი შვილის საქმეც არაა დასრულებული, გამოძიება ისევ მიმდინარეობს და დღემდე არ ვიცით ვინაა მკვლელი, შესაბამისად, ის, რაც ახლა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში ხდება, საერთოდ არ მიკვირის. მე ჩემი პოზიცია, ზოგადად ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, მაშინ დავაფიქსირე, როცა მურუსიძე აირჩიეს მოსამართლედ და ამის მერე, სიმართლე რომ გითხრათ, მე ამ ხელისუფლების არაფერი მჯერა, ამიტომ არ გამიკვირდება თუ ეს საქმეც კიდევ უფრო არასწორი მიმართულებით წავა. ჩემთვის ცხადზე ცხადია, თუ რას განიცდის ის ახლა, მაგრამ ჩემთვის უბედურებაა ისიც, რომ მის გვერდით დგანან ის ადამიანები, ვინც ჩემი შვილი მოკლა.

მე მხოლოდ ამ გარემოების გამო ვერ მივალ და გვერდით ვერ დავუდგები ზაზა სარალიძეს, კუპრავას გვერდში დაყენება როგორ შეიძლება?! თორემ სხვამხრივ ყველანაირად ვუთანაგრძნობ და სოლიდარობას გამოვხატავ მის მიმართ. დღეს მთელი საქართველო გვერდში უნდა დაუდგეს ამ კაცს, რადგან როგორ შეიძლება ამდენი ხალხი მონაწილეობდეს მკვლელობაში და საბოლოოდ ვერაფერი დადგინდეს. ბუნებრივია, ეს კითხვის ნიშნებს აჩენს. სხვათა შორის, ჩვენს დროს, როცა ვიკრიბებოდით მაშინ 20-30 კაცი თუ იდგა ჩვენს გვერდით, ვცდილობდით რომ ყველაფრისთვის პოლიტიკური სარჩული არ მიგვეცა. ჩემი შვილის საქმეზე სააკაშვილს და მერაბიშვილს წაუყენეს ბრალი, გულწრფელად რომ გითხრათ, მე არც ერთი მაინტერესებდა, რადგან მელნიკოვმა ჩვენებაში თქვა, რომ მას, ჩემი შვილის მკვლელობა დაავალა თაკო სალაყაიამ, რომელიც დღეს თავისუფლად დადის ქუჩაში. მეც მიჩნდება ეჭვი, რომ დღესაც ვიღაცები აფარებენ ხელს ჩემი შვილის მკვლელებს“, – განაცხადა გურამ გირგვლიანმა.

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ განაჩენი გამოაცხადა. მოსამართლე ეკა არეშიძის განაჩენით, ერთ-ერთი ბრალდებული დამნაშავედ ცნობილია სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის ბ ქვეპუნქტით, მეორე არასრულწლოვანი სასამართლომ დამნაშავედ ცნო 19-109-ე მუხლის მეორე ნაწილის ბ ქვეპუნქტით.

პროკურატურა განაჩენს სააპელაციოში გაასაჩივრებს. სასამართლო გადაწყვეტილებაზე განცხადებები გააკეთეს ბრალდების და ბრალდებულების ადვოკატებმა.

2017 წლის 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე – მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.

სანდრო გირგვლიანი, 2006 წლის 28 იანვარს, პოლიციის მაღალჩინოსნებმა ქალაქიდან გაიტაცეს და ოქროყანის ტერიტორიაზე აწამეს და მოკლეს. 12 წლის შემდეგ მის მკვლელობაზე გამოძიება ისევ გრძელდება.

2018 წლის 5 იანვარს 5 იანვარს, მოსამართლე გიორგი არევაძემ სანდრო გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ ცნო. განაჩენის მიხედვით, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებული პირები უკანონოდ შეიწყალა. სასჯელის სახით სასამართლომ სააკაშვილს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ამნისტიით მას სასჯელი 1/4-ით შეუმცირა და 3 წლით პატიმრობა დარჩა. საქმეში ბრალდებულია ასევე შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი დათა ახალაია და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი.

წყარო

Comments

comments