ვინ არის ქართველი ბიჭი, რომელიც ნიუ-იორკის საუკეთესო პოლიციელად დასახელდა

ქართველ ბიჭს 14 მაისს აშშ-ში თვის საუკეთესო ოფიცრის სტატუსი მიენიჭა. 25 წლის გიორგი ერისთავი, ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტის წესების თანახმად, ჩატარებული ოპერაციის დეტალებზე არ ლაპარაკობს, მაგრამ შედეგიდან გამომდინარე, მან დანაშაულთან ბრძოლაში დიდი წვლილი შეიტანა.

“როდესაც შევიტყე, რომ თვის საუკეთესო ოფიცრად დამასახელეს, რა თქმა უნდა, დადებითი ემოციები მქონდა, რადგან წახალისება და აღიარება ყველა პროფესიაში აუცილებელია, განსაკუთრებით პოლიციელისთვის”, – აღნიშნავს გიორგი.

გიორგი საქართველოში დაიბადა და გაიზარდა, 2009 წელს კი თბილისიდან ნიუ-ჯერსის შტატში გაემგზავრა და სკოლა იქ დაამთავრა. როგორც თავად იხსენებს, საქართველოდან საცხოვრებლად აშშ-ში გადასვლა მისთვის დიდი ცვლილება იყო, რადგან ახალ გარემოსთან შეგუება მოუწია. თავდაპირველად სპორტით დაკავდა.

“მოზარდის უცხო გარემოში მოხვედრა ადვილი საქმე არაა, თუმცა ამაში მე ფეხბურთი დამეხმარა. ნიუ-ჯერსის შტატში, სკოლის გუნდში ვთამაშობდი და პირველი წარმატებაც სწორედ აქ ვიგემე – პირველად, არსებობის ისტორიაში ჩვენ შტატის ჩემპიონები გავხდით! ეს სკოლისთვის დიდი მიღწევა იყო და სიხარულით აღინიშნა კიდეც. კოლეჯის დამთავრების შემდეგ ნიუ-იორკის პოლიციის აკადემიაში ჩავაბარე. ახლა ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტის ოფიცერი ვარ. მომავალში მინდა, დეტექტივი გავხდე და პარალელურად უნივერსიტეტში მაგისტრის ხარისხისთვის სავარაუდოდ, საერთაშორისო უსაფრთხოებისა და პოლიტიკის მეცნიერებების მიმართულებაზე გავაგრძელო სწავლა”, – აღნიშნავს გიორგი ერისთავი.

Comments

comments