ბაკურციხე-გურჯაანის შემოვლითი გზის მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება

როგორც საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში განაცხადეს, სამშენებლო სამუშაოები, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე დასრულდება. უწყების ინფორმაციით, გურჯაანი-ბაკურციხის შემოვლითი გზა, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის გზას დააკავშირებს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ახმეტა-თელავი-ბაკურციხის გზასთან. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ამ მიმართულებით მოძრავ ავტოტრანსპორტს, საჭიროების გარეშე, აღარ მოუწევს გავლა გურჯაანის მუნიციპალიტეტის ქალაქ გურჯაანსა და სოფლებში: ბაკურციხე, კოლაგი, ძირკოკი, ჭანდარი, ვეჯინი და ჩუმლაყი.
“ახალი გზა შეამოკლებს და უფრო უსაფრთხოს გახდის გზას თელავიდან-თბილისამდე, რომელიც ამჟამად არის ვიწრო და გადის ვაზიანი-ბაკურციხე-გურჯაანის მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე. ამ დროისთვის, აშენებულია 6 კმ. გზა და 2 ხიდი, ასევე მიმდინარეობს ახალი ხიდის მშენებლობა და არსებული ხიდების რეაბილიტაცია. სამუშაოზე 100 ადამიანია დასაქმებული. პროექტის დასრულლების შემდეგ გაუმჯობესდება ახმეტა-თელავი-ბაკურციხის გზის უსაფრთხოება და ხარისხი, მნიშვნელოვნად შემცირდება მგზავრობის დრო და ხარჯები“, – აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.
პროექტს, შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მესამე პროექტის (SLRPIII) ფარგლებში, მსოფლიო ბანკი აფინანსებს და მისი ღირებულება 38 000 000 ლარია.

Comments

comments