ვიდეო►თბილისის ანძაზე ტურისტულ ინფრასტრუქტურას ესპანური კომპანია მოაწყობს

თბილისის სატელევიზიო კოშკის განახლებაზე ესპანური კომპანია “კოკო არქიტექტორები” იმუშავებს. როგორც შპს “საქართველოს ტელერადიოცენტრში” განაცხადეს, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსამზადებლად გამოცხადებული კონკრეტული შესყიდვის ბიუჯეტი 120 000 ლარი იყო, თუმცა ვაჭრობის შედეგად დადებული ხელშკურულების შესასრულებელ თანხად 100 500 ლარი განისაზღვრა.
აღსანიშნავია, რომ სატელევიზიო კოშკის მოდელირების კონცეფციის მოწოდების ბოლო ვადა 31 აგვისტოა, რის შემდეგაც პროექტზე მუშაობა დაიწყება. “საქართველოს ტელერადიოცენტრის” განმარტებით, სწორედ ამის შემდეგ დაიგეგმება ახალი პროექტი შემდგომი ეტაპისთვის და ახალი ტენდერი გამოცხადდება.
“მას შემდეგ, რაც “კოკო არქიტექტორები” საბოლოო დოკუმენტაციასა და კონცეფციას მოგვაწვდის, გვექნება სურათი, თუ რა ტიპის ატრაქცია უნდა მოეწყოს და რა ტიპის სივრცე უნდა გაკეთდეს.”- აცხადებენ “საქართველოს ტელერადიოცენტრში”.
შეგახსენებთ, რომ ტურისტული კონცეფციების მიღება საქართველოს “საქართველოს ტელერადიოცენტრმა” 11 აპრილს დაასრულა. მოდელირების ფარგლებში, კოშკზე მოძრავი იატაკი, კვების ობიექტები და პანორამული სივრცე უნდა მოეწყოს.

წყარო

Comments

comments