საქართველოში თვითმფრინავის ნაწილების მწარმოებელი ქარხანა გაიხსნა

თბილისში, ATC – ამიერკავკასიაში თვითმფრინავის კომპოზიტური ნაწილების პირველი მაღალტექნოლოგიური ქარხანა გაიხსნა. გახსნის ღონისძიებას პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც დაესწრო, რომელმაც სტუმრებს სიტყვით მიმართა.

ATC (Aero-Structure Technologies Cyclone) „საპარტნიორო ფონდისა“ და ებრაული კომპანია „Elbit Systems Cyclone“-ის ერთობლივი პროექტია. საპატრნიორო ფონდის ცნობით, ქარხანაში კომპოზიტური მასალისგან სამოქალაქო თვითმფრინავების სტრუქტურული ნაწილები დამზადდება (აეროდინამიკური ზედაპირი, კარები და სხვ.)

ფონდის ინფორმაციით, პროდუქციის 100% ექსპორტზე იქნება ორიენტირებული. მათი ვარაუდით, მე-7 წელს საწარმოს წლიური გაყიდვები 60 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბებს.

ამ დროისთვის კომპანიაში დასაქმებულების 90%-ზე მეტი ადგილობრივი სპეციალისტია, რომლებმაც ტრენინგები ისრაელში ELBIT-ის არსებულ ქარხანაში (ჰაიფა, ისრაელი) გაიარეს. ამასთან, ფონდში აცხადებენ, რომ რამდენიმე წლის შემდეგ ქარხანაში დასაქმებულთა 100% საქართველოს მოქალაქე იქნება.

პროექტის ჯამური ღირებულება 93 მლნ აშშ დოლარია. ქარხნის მშენებლობა 2017 წლის 1 ივლისს დაიწყო. 2018 წლის 8 თებერვალს, ცნობილი გახდა, რომ Boeing, Airbus და Bombardier საქართველოში წარმოებულ თვითმფრინავების ნაწილებს შეიძენენ.

Comments

comments