ივლისის ბოლომდე თბილისში 30 საზოგადოებრივი საპირფარეშო მოეწყობა

2018 წლის ივლისის ბოლომდე თბილისში 30 საზოგადოებრივი საპირფარეშო მოეწყობა. თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს მიერ გამართულ აუქციონში, რომელიც დედაქალაქის მასშტაბით საზოგადოებრივი საპირფარეშოების მოწყობას გულისხმობს, შპს „კონსალტინგ გრუპმა“ გაიმარჯვა. აუქციონი 2017 წელს გაიმართა და მასში მხოლოდ ერთი კომპანია მონაწილეობდა. ამის მიზეზად თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოში აუქციონის პირობების სირთულეს და სიძვირეს ასახელებენ.
აუქციონის პირობების თანახმად, საზოგადოებრივი საპირფარეშო ადაპტირებული უნდა იყოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. საინფორმაციო წარწერებზე განთავსდება ბრაილის შრიფტი. საპირფარეშო აღჭურვილი იქნება ბავშვის გამოსაცვლელი მაგიდით.
საზოგადოებრივი საპირფარეშოს მოვლა-პატრონობას და სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დაცვას მოიჯარე უზრუნველყოფს. მოიჯარე ასევე, ვალდებული იქნება უზრუნველყოს ცხელი ხაზის მუშაობა კვირაში 7 დღის განმავლობაში, 24-საათიანი სამუშაო რეჟიმით. როგორც „სითი კვირას“ თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოში განუცხადეს, საპირფარეშოებისათვის საჭირო კომუნიკაციები უკვე გაყვანილია.
აუქციონის პირობების თანახმად, პროექტი 2017 წლის დეკემბრის ბოლოს უნდა დასრულებულიყო, თუმცა მიწისქვეშა კომუნიკაციებზე გართულებული სამუშაოების გამო ვადამ 2018 წლის ივლისის ბოლომდე გადაიწია.
როგორც „სითი კვირამ“ გაარკვია, საზოგადოებრივი ტუალეტები პირველ ეტაპზე განთავსდება მეტროსადგურების: “დიდუბის” ქვედა და ზედა შესასვლელებთან, “ისნის”, “ავლაბრის”, “ნაძალადევის”, “სადგურის მოედნისა” და “სარაჯიშვილის” მიმდებარედ.
ბაღებსა და პარკებში: ალექსანდრეს ბაღში; რიყის პარკში; აღმაშენებლის გამზირის №19-ში არსებულ სკვერში; დ. გურამიშვილის ქუჩაზე კიკვიძის ბაღში; კუს ტბასთან და კუს ტბის გზაზე რესტორან “რაჭას” მიმდებარედ; დიღმის მასივში, მაიაკოვსკის სახელობის სკვერში და საბურთალოს სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე.
​ასევე ქუჩებზე: ქეთევან წამებულის ქუჩის №76 მოპირდაპირე მხარეს, ც. დადიანის ქუჩაზე გადასასვლელი ხიდის მიმდებარედ; ი. ჭავჭავაძის გამზირის №30-ის მიმდებარედ; ათონელის ქუჩაზე, ჩაჩავას ქუჩის №1-ის, ყაზბეგისა და პეკინის ქუჩების კვეთაზე; დიღმის მასივში, ე. მიქელაძის ქუჩა №12-ში; სააკაძის მოედანზე; ორთაჭალის ავტოსადგურის მიმდებარედ და მის მოპირდაპირედ გულიას ქუჩაზე. მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, კომპანია “ყაზბეგის” ლუდის ქარხნის მიმდებარედ; მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, კერძოდ, ე.წ. ელიავას ბაზრობის მიმდებარედ და აგლაძის ქუჩაზე, ბაზრობის ზედა შესასვლელთან; წინამძღვრიშვილის ქუჩაზე „დეზერტირების ბაზრობის” მიმდებარედ; კახეთის გზატკეცილზე (ლილო); ა. წერეთლის გამზირზე “დინამოს” მიმდებარედ; ბაგებში, სტუდქალაქის ტერიტორიაზე, ავტობუსების ბოლო გაჩერებაზე.
როგორც თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოში განმარტავენ, 1 საპირფარეშოს ღირებულება დაზუსტებული არ არის, თუმცა მისი ფასი, სავარაუდოდ, რამდენიმე ათას ევროს შეადგენს.
საზოგადოებრივი საპირფარეშო იფუნქციონირებს ნაღდ ანგარიშსწორებაზე, ან სპეციალურ ბარათებზე.

Comments

comments