ვიდეო►ევროვიზია 2018-ის პირველი ნახევარფინალი დღეს გაიმართება

პორტუგალიის დედაქალაქში ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული მუსიკალური კონკურსი იწყება.

ევროვიზიის სიმღერის რიგით 63-ე კონკურსის პირველი ნახევარფინალური შოუ ლისაბონში დღეს გაიმართება, სადაც 19 ქვეყნის რჩეული მუსიკოსი ფინალში მოსახვედრად იბრძოლებს.

წელს ევროფესტივალზე საქართველოს ეთნო-ჯაზ ბენდი „ირიაო” წარმოადგენს, რომელიც მეორე ნახევარფინალში, 10 მაისს იმღერებს. „ირიაო“ შეასრულებს სიმღერას – „შენი გულისთვის“.

„ალტის არენას“ სცენაზე მეორე ნახევარფინალში 18 კონკურსანტი მონაწილეობს. მაყურებელი და ჟიური მათ შორის საუკეთესო ათეულს შეარჩევს, რომელიც ფინალში 12 მაისს იმღერებს.

წელს ევროფესტივალში 43 ქვეყანა მონაწილეობს. აქედან ხუთი ქვეყნის – დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, იტალიის, საფრანგეთისა და ესპანეთის კონკურსანტები, ისევე როგორც მასპინძელი პორტუგალია, საკუთარ ქვეყანას ფინალურ ეტაპზე წარადგენენ.

გუშინ, ევროვიზია 2018-ის მონაწილეებისთვის ლისაბონის მთავარ მოედანზე კონცერტი გაიმართა. „ირიაოს“ გამოსვლას მაყურებელი ოვაციებით შეხვდა.

ამასთან, ორი დღით ადრე, „ევროვიზიის” კონკურსანტებმა წითლის ნაცვლად სიმბოლური დატვირთვის მქონე ლურჯ ხალიჩაზე გაიარეს.

პირველი ნახევარფინალის პირდაპირი ტრანსლირება საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ ეთერში 23:00 საათიდან დაიწყება.

Comments

comments