6 წელიწადში საქართველოს სამთო კურორტებზე ტურისტების რაოდენობა 491%-ით გაიზარდა

2012 წლის შემდეგ, საქართველოს სამთო კურორტებზე ტურისტების რაოდენობა 491 პროცენტით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, გუდაურში, ბაკურიანში, სვანეთის სამთო კურორტებსა და კურორტ გოდერძიზე ბოლო წლებში საქართველოში როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ტურისტების რაოდენობამ საგრძნობლად მოიმატა. 2011/2012 – 2017/2018 წლებში ოთხივე სამთო-სათხილამურო კურორტზე (გუდაური, ბაკურიანი, გოდერძი, სვანეთი) 491%-ით გაიზარდა ტურისტების რაოდენობა.

„ეს შესაძლებელი გახდა ავსტრიული კომპანიის „სკიდატას“ მიერ უკონტაქტო გამშვები პუნქტების დამონტაჟების შედეგად, რომლებიც ვიზიტორების რაოდენობის ზუსტად დათვლის საშუალებას იძლევა. აღნიშნული სისტემა საქართველოს ოთხივე
სამთო – სათხილამურო კურორტზე ფუნქციონირებს“, – აღნიშნავენ ეკონომიკის სამინისტროში.

ამასთან, სამინისტროს ინფორმაციით, 2017-2018 წლებში საქართველოს სამთო კურორტებზე ვიზიტორების რაოდენობა 25 პროცენტით გაიზარდა.
„ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიამ“ 2017/2018 წლის სამთო სათხილამურო სეზონი დაასრულა. 2016-2017 წლების ზამთრის სათხილამურო სეზონთან შედარებით 2017-2018 წლებში ვიზიტორების რაოდენობა 25 პროცენტით არის გაზრდილი.

კურორტ გუდაურში 2017/2018 წლებში 345997 ვიზიტორი დაფიქსირდა, რაც გასულ წელთან შედარებით 25 პროცენტით მეტია.

რაც შეეხება ბაკურიანს, 2017-2018 წლების სეზონის მაჩვენებლებით, 2016- 2017 წლებთან შედარებით, ვიზიტორების რაოდენობამ 15 პროცენტით მოიმატა. კურორტს 2017/2018 წლის სეზონზე 132704 ვიზიტორი ეწვია.

მაღალმთიან აჭარაში, კურორტი გოდერძი მესამე წელია მასპინძლობს დამსვენებლებს. 2017/2018 წლის ზამთრის სათხილამურო სეზონის თანახმად, გასულ წელთან შედარებით წელს ვიზიტორების რაოდენობა 129 პროცენტითაა გაზრდილი. მიმდინარე სეზონზე კურორტ გოდერძიზე 10283 ვიზიტორმა დაისვენა.

სვანეთში, კურორტ თეთნულდზე 2017/2018 წლის სათხილამურო სეზონზე, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ვიზიტორთა რაოდენობა 122 პროცენტით, ხოლო ჰაწვალზე 119 პროცენტით არის გაზრდილი. თეთნულდსა და ჰაწვალს ჯამში 35890 ვიზიტორი ეწვია.

სვანეთში 2017 წელს უმნიშვნელოვანესი პროექტი განხორციელდა. ამოქმედდა მესტია-ჰაწვალის დამაკავშირებელი საბაგირო, რომელმაც მესტიის ცენტრი კურორტ ჰაწვალთან დააკავშირა. საბაგირო ექსპლუატაციაში 2017 წლის 23 დეკემბერს შევიდა, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა ვიზიტორების რაოდენობა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

Comments

comments