ვიდეო►„რადიო ქალაქის“ პროექტი იწყება-როგორი იქნება მრავალფუნქციური კომპლექსი მუხიანში

დედაქალაქში „რადიო ქალაქის“ პროექტის განხორციელება იწყება.
კერძოდ, თბილისის მერიამ მუხიანის დასახლების მიმდებარედ მდებარე ყოფილი რადიო ქარხნის ტერიტორიის განვითარების და პოტენციური გამოყენების კვლევის მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა.
სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 4 მაისს დაიწყება და 7 მაისს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 330 400 ლარია.
როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, ტერიტორიის განვითარების და პოტენციური გამოყენების კვლევის პირობებს მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ობიექტის განვითარების კონცეპტუალური გეგმა წარმოადგენს, რომელიც სპორტულ, საგანმანათლებლო, საგამოფენო, გასართობ, კვების და სავაჭრო კომპონენტებს მოიცავს. ამასთან, დოკუმენტაციის თანახმად, შემუშავებული ბიზნეს კონცეფცია გენერალურ გეგმასთან, საპრეზენტაციო ვიზუალურ მასალასთან და ბიზნეს გეგმასთან ერთად უნდა იყოს წარმოდგენილი.
შეგახსენებთ, რომ მუხიანში, ყოფილი რადიოქარხნის ტერიტორიაზე, მრავალფუნქციური კომპლექსის მოწყობა თბილისის მერის კახა კალაძის წინასაარჩევნო დაპირება იყო. მისივე თქმით, კომპლექსი 102.000 კვადრატული მეტრის ტერიტორიაზე, კერძო ინვესტიციით მოეწყობა.

Comments

comments