ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრებები უძლიერესი შემადგენლობით იასპარეზებენ

საქართველოს ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ეროვნული ნაკრებები ევროპის ჩემპიონატზე უძლიერესი შემადგენლობით წარდგებიან.

ორივე სახეობაში მთავარმა მწვრთნელებმა გუნდი ძირითადად საქართველოს ჩემპიონებით დააკომპლექტეს.

2018 წლის ევროპის ჩემპიონატი, რომელსაც დაღესტნის ქალაქი კასპიისკი უმასპინძლებს, 30 აპრილს დაიწყება და 6 მაისს დასრულდება.

ალი ალიევის სახელობის დარბაზში გაშლილ ხალიჩებს 30 აპრილიდან 2 მაისის ჩათვლით ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები დაიკავებენ, ხოლო 4-დან 6 მაისის ჩათვლით თავისუფალი სტილით მოჭიდავეები იასპარეზებენ.

ევროპის ჩემპიონატი ახალი, ორდღიანი ფორმატის პრინციპით წელს პირველად ჩატარდება. პირველ საშეჯიბრო დღეს წინასწარ შეხვედრებს 55, 63, 77, 87 და 130 კგ წონითი კატეგორიის სპორტსმენები გამართავენ, ხოლო მეორე დღეს აღნიშნული წონების ფინალურ ბლოკამდე დარჩენილი – 60, 67, 72, 82 და 97 კგ წონითი კატეგორიის მოჭიდავეები გაარკვევენ მედლებისთვის შეხვედრებში მონაწილეთა ვინაობას. ახალი წესის მიხედვით სპორტსმენებს წონის ჩაბარება ასპარეზობის ორივე დღეს მოუწევთ. მიმდინარე წელს მეორე საშეჯიბრო დღეს წონითი დაშვება +2 კგ-ია, ხოლო არსებული წესის დარჩენის შემთხვევაში მომდევნო წლიდან აღნიშნული დაშვება აღარ იქნება. გარდა ამისა, ევროპის ჩემპიონატი წელს პირველად, როგორც ბერძნულ-რომაულ, ასევე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, ნაცვლად რვისა, 10 წონით კატეგორიაში ჩატარდება.

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ბექა როყვამ ათივე წონა ქვეყნის ჩემპიონებით დააკომპლექტა, რომელთა შორის როგორც გამოცდილი სპორტსმენები, ასევე ახალბედები მოხვდნენ:

55 კგ – ნუგზარ წურწუმია

60 კგ – დავით ჩხარტიშვილი

63 კგ – ლევან ქავჟარაძე

67 კგ – შმაგი ბოლქვაძე

72 კგ – იური ლომაძე

77 კგ – თორნიკე ძამაშვილი

82 კგ – ზურაბ დათუნაშვილი

87 კგ – რობერტ კობლიაშვილი

97 კგ – კუკური კირცხალია

130 კგ – იაკობ ქაჯაია

თავისუფალიო სტილით მოჭიდავეთაგან პირველ საშეჯიბრო დღეს, 4 მაისს წინასწარ შეხვედრებს 57, 65, 70, 79 და 97 კგ წონითი კატეგორიის მოჭიდავეები გამართავენ, ხოლო 5 მაისს – 61, 74, 86, 92 და 125 კგ-ის.

ნაკრების მთავარი მწვრთნელის, გიორგი იანტბელიძის მიერ შერჩეული ათეული ასეთია:

57 კგ – ოთარ გოგოვა

61 კგ – ბექა ლომთაძე

65 კგ – ვლადიმერ ხინჩეგაშვილი

70 კგ – ზურაბ იაკობიშვილი

74 კგ – ავთანდილ კენჭაძე

79 კგ – ჯუმბერ ყველაშვილი

86 კგ – სანდრო ამინაშვილი

92 კგ – ირაკლი მწითური

97 კგ – ელიზბარ ოდიკაძე

125 კგ – გენო პეტრიაშვილი

წყარო

Comments

comments