დარიალის ხეობაში გვირაბის მშენებლობა შემოდგომაზე დასრულდება

დარიალისა და დევდორაკის ხეობების გადაკვეთის ადგილას 2 კმ-მდე სიგრძის გვირაბის მშენებლობა მიმდინარეობს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ამ ეტაპზე კონტურების გამაგრებისა და გვირაბის მოსაპირკეთებელი სამუშაოები ხორციელდება.

„ამ დროისათვის, გვირაბის გაყვანა უკვე დასრულებულია და კონტურების გამაგრებისა და გვირაბის მოსაპირკეთებელი სამუშაოები მიმდინარეობს. ასევე, ხორციელდება მისასვლელი გზებისა და ყრილის მოწყობა.

დარიალის ხეობაში, ბოლო წლების განმავლობაში სტიქია რამდენჯერმე განმეორდა, რაც საფრთხეს უქმნიდა ამ მონაკვეთზე მგზავრების გადაადგილებას. ასევე, სტიქიის პერიოდში მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე სატრანზიტო ფუნქცია წყდებოდა, რაც ქვეყნისთვის, საშუალოდ მილიონ ლარამდე დანაკარგი იყო ყოველდღიურად.

გვირაბის აშენების შემდეგ, სრულად მოგვარდება არსებული პრობლემა და დარიალის ხეობაში გადაადგილება უსაფრთხოდ იქნება შესაძლებელი. გვირაბის მშენებლობა, ასევე, აუცილებელია საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის შენარჩუნებისთვის, ამ მიმართულებით ქვეყანას ექნება სტაბილური სატრანზიტო გზა.

პროექტს სახელმწიფო ბიუჯეტი აფინანსებს და მისი ღირებულება 51 892 174.44 ლარია. სამშენებლო სამუშაოები 2017 წლის მაისში დაიწყო და 2018 წლის ნოემბერში დასრულდება. პროექტის ფარგლებში დასაქმებულია 140 ადამიანი”, აცხადებენ გზების დეპარტამენტში.

მათივე ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კმ132 – კმ135 მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოებს გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე გაეცნო.

Comments

comments