“აფრიკელი სტუდენტები და ადგილობრივები ფეხბურთს ერთად ითამაშებენ”

თბილისის მერი კახა კალაძე, თბილისში, რამდენიმე დღის წინ, ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.

კახა კალაძემ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ლევან კობიაშვილს, ამხანაგური თამაშის ორგანიზება სთხოვა, რომელშიც ინციდენტში მონაწილე აფრიკელი სტუდენტები და ადგილობრივი მოსახლეობა მიიღებს მონაწილეობას.

“ძალიან სამწუხაროა. შეიძლება ითქვას, რომ თბილისი არის ყველაზე ტოლერანტული. ის რაც მოხდა, ამას გამოძიება დაადგენს, მაგრამ ძალიან ცუდი სანახავი იყო ეს ყველაფერი.

ჩვენ, ქართველებს არ გვჩვევია ასეთი მიდგომები. მინდა ვთხოვო ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ლევან კობიაშვილს, რომ კვირის ბოლოს გააკეთოს ერთი ამხანაგური თამაში, იგივე მოედანზე, სადაც სასწავლებლად ჩამოსული აფრიკელი სტუდენტები (რომლებიც იქ თამაშობდნენ) და ადგილობრივი მოსახლეობა მიიღებს მონაწილეობას. შეგვიძლია ჩვენც ჩავერთოთ. მე მგონია, რომ კარგი იქნება ამ შეხვედრის გამართვა”, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა ამხანაგურ მატჩში მონაწილეობა დედაქალაქის მთავრობის წევრებსაც შესთავაზა.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, ბელიაშვილის ქუჩაზე ინციდენტი მოხდა. გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორც სცემენ მამაკაცები, აფრიკელ სტუდენტებს. კონფლიქტის მიზეზი, სტადიონზე ფერადკანიანების ფეხბურთის თამაში გახდა, თუმცა ინციდენტის დეტალები უცნობია.

Comments

comments